პრობლემური პოზიცია | რატომ სჭირდება მაისურაძე ეროვნულ ნაკრებს
ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში ერთა ლიგის მატჩებს გამართავს. ჩვენი ნაკრების მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი და უკრაინაა. ვიდრე ფრანგი სპეციალისტი სანაკრებო სიას დაასახელებს, 24 წლის მარჯვენა მცველის, გიორგი მაისურაძის შესახებ საინტერესო ცნობებს მოგაწვდით, რაც მისი ეროვნულ ნაკრებში სადებუტო გამოძახების საფუძველი უნდა იყოს. არგუმენტების გასამყარებლად მისი თამაშის გამორჩეულ ეპიზოდებს გთავაზობთ.
მაისურაძესთან დაკავშირებით ხაზი მისი გუნდის სიძლიერესაც უნდა გავუსვათ, უკრაინის ჩემპიონატს 6 ტურის შემდეგ „პოლისია’’ დონეცკის „შახტართან’’ ერთად 15 ქულით ლიდერობს, ქართველი ფეხბურთელი ამბიციური პროექტის ნაწილია.
„პოლისიას'' მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი მიმდინარე სეზონის სტარტზე მაისურაძეს ნაკლებად ენდობოდა, „კოპენჰაგენთან’’ მატჩის შემდეგ უკრაინელმა სპეციალისტმა დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო ქართველი მარჯვენა მცველი საჯაროდ გააკრიტიკა, თუმცა ფეხბურთელის მენტალურ მდგრადობაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ მწვრთნელის საჯარო კრიტიკის მიუხედავად სასტარტოში ადგილი დაიბრუნა, დაცვაში თამაშის მხრივ პროგრესი აჩვენა და კარგ ფორმაში შევიდა, „შახტართან’’ ცვლილებაზე გამოვიდა და 31 წუთი ითამაშა, შემდეგ „კუდრივკასთან’’ და „ლივი ბერეგთან’’ 90-90 წუთი გაატარა მინდორზე. ასევე, ერთი მატჩი უკრაინის თასზე „კუდრივკასთან'' ჩაატარა.
უკრაინის ჩემპიონატში „კუდრივკასთან'' საგოლე პასი შეასრულა
მაისურაძე 1,90 მ. სიმაღლისაა, ტექნიკურია, მოედანს კარგად ხედავს, ვერტიკალური და დიაგონალური პასებით შეტევების გამწვავება კარგად გამოსდის. სიმაღლის მიუხედავად საკმაოდ სწრაფია, შეუძლია მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელს გაცდეს და შეტევა გაამწვავოს, გარემარბისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს.
თანამედროვე ფეხბურთში ორთაბრძოლების მოგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ათლეტურობიდან გამომდინარე მაისურაძეს ამ კომპონენტშიც უპირატესობა აქვს.
მაისურაძე კუდრივკას წინააღმდეგ
როცა მაისურაძის ტექნიკურ უნარებზე ვსაუბრობთ, გასული სეზონიდან მისი გოლი უნდა გავიხსენოთ, რომელიც „პოლტავას'' გაუტანა.
გასული სეზონის ბოლო ტურში „პოლისიამ'' შინ ლვოვის „რუხს'' 2:0 მოუგო. 82-ე წუთზე მაისურაძემ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ორ ფეხბურთელს გასცდა და საგოლე პასი შეასრულა.
ე.წ. ორფეხაა, რაც მის მრავალმხრივობას განაპირობებს. „პოლისიაში’’ მარცხენა მცველადაც უთამაშია. 2024-25 წლების სეზონში ამ პოზიციაზე ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი „კოლოსთან’’ ჩაატარა, შეტევაში აქტიური იყო და მარცხენა ფეხით საგოლე პასი შეასრულა.
ეროვნულ ნაკრებში 5-მცველიან სქემაში მარჯვენა „ვინგბექის’’ პოზიცია პრობლემურია. გიორგი გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია, ისევე ეროვნული ნაკრების პოტენციური კანდიდატი ცოტნე კაპანაძე.
ოთარ კაკაბაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, „კრაკოვიას’’ კაპიტნობს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. სავარაუდოდ, ვილი სანიოლისთვის მარჯვენა „ვინბექის’’ პოზიციაზე პრიორიტეტული კაკაბაძე იქნება, თუმცა ოთარი 31 წლისაა, კონკურენციის ზრდისა და შემადგენლობის სიღრმის გაზრდისთვის ამ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის გამოცდის დროა.
გიზი მამაგეიშვილი, რომელიც „შტურმში'' ნახევარმცველის პოზიციაზე შესანიშნავია, სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა „ვინგბექად'' ათამაშა. გიზის ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ჰქონდა. მას ფლანგელისთვის საჭირო სისწრაფე და დაცვაში თამაშის გამოცდილება არ აქვს. აქედან გამომდინარე, მისი მარჯვენა „ვინბექად'' გამოყენება სარისკოა, თუმცა ფაქტია, ვილი სხვაგვარად ხედავს.
„პოლისია'' 4-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ცენტრალური მცველითა და 2 ე.წ. „ვინგბექით''. მაისურაძე უფრო მეტად შემტევია ვიდრე მცველი. ეროვნულ ნაკრებში მარჯვენა „ვინგბექის'' პოზიციაზე უფრო მეტი დამზღვევი ეყოლება და შეტევაში თამამად ჩაერთვება. ამიტომ, სანიოლის ტაქტიკაში იდეალურად უნდა ჩაჯდეს. ამასთან დაკავშირებით საინტერესო იყო ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტის, მიხაილო სპივაკოვსკის მოსაზრება, რომელიც მან აგვისტოში თავის Youtube-პოდკასტში „პოლისია''-„კოპენჰაგენის'' მატჩის შემდეგ თქვა:
„შეტევაში ჩართვის მხრივ, ისეთი გუნდისთვის, რომელიც ბურთს ხშირად ფლობს, მაისურაძე ტოპ დონის განაპირა მცველია''.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი საინტერესო ფაქტის გახსენება. რამაზ სვანაძის ფორმაციის 21-წლამდე ნაკრებში რეგულარულად თამაშობდა, 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პოლონეთთან, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან 90 წუთი ითამაშა. გამოსარჩევია პოლონეთთან მატჩი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2:1 მოიგო, გამარჯვების გოლისას მაისურაძემ საგოლე პასი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
24 წლის ფეხბურთელი DREAM CHASERS AGENCY-სთან თანამშრომლობს, რომელსაც ქართველი მენეჯერი ივა კანდელაკი წარმოადგენს.