ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

“შანსი ყველასთან გვექნება“ - მექვაბიშვილი ერთა ლიგის მატჩებზე

როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით გამართავს მატჩებს.

მიახლოებულ თამაშებთან დაკავშირებით, ანზორ მექვაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმყოფებოდა და გადაცემა „ტაიმაუტში“ ისაუბრა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

რა თქვა მექვაბიშვილმა?

„ვფიქრობ, ერთა ლიგის ახალი ფორმატი ძალიან საინტერესოა, რადგან 12 დღეში ოთხი თამაშია ჩასატარებელი. ამიტომ ნაკრებისთვის ყველა გამოძახებული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იქნება და სათამაშო დროს ყველა მიიღებს, რადგან შეუძლებელია ამდენი შეხვედრა ერთი და იგივე შემადგენლობამ ჩაატაროს.

რაც შეეხება შედეგებს – ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს ყველა მეტოქესთან ექნება შანსი, ითამაშოს ის ფეხბურთი, რომელიც ხალხს უყვარს. კარგია, რომ ერთად დიდი დრო ვიქნებით და გვექნება საშუალება, მატჩიდან მატჩამდე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

ჯგუფის ფავორიტი? ესპანეთის და ინგლისის მსგავსი აშკარა ფავორიტი არ გვყავს და ეს ძალიან კარგია. ვფიქრობ, ყველა მეტოქესთან გვექნება შანსები და უნდა ვეცადოთ, დომინანტები ვიყოთ, მაგალითად თბილისურ შეხვედრებში. საშინაო მატჩები ჩვენთვის უპირატესობა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით გახსნის, რომელსაც საკუთარ კედლებში გამართავს.

28 სექტემბერს, კვლავ საკუთარ კედლებში უკრაინას დაუპირისპირდება. 2 ოქტომბერს სტუმრად უნგრეთს, ხოლო 5 ოქტომბერს, ასევე სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები