დაანოკაუტე სიმსივნე -  გიგა ჭიკაძის მთავარი მამოძრავებელი ძალა
Aa
Aa

დაანოკაუტე სიმსივნე - გიგა ჭიკაძის მთავარი მამოძრავებელი ძალა

UFC-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი „გიგაშოუსა“ და მის საქველმოქმედო ფონდზეა.

***

წელიწადის ეს დრო გიგა ჭიკაძისთვის ყოველთვის ძალიან რთულია.

„დედის დღის“ დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა (ამერიკაში დედის დღე მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება) და გიგა ჭიკაძისთვის ძნელია, არ იფიქროს დედამის ნინოზე, რომელიც 2013 წელს მკერდის სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. იმ გაჭირვებების საკუთარი თვალით ხილვამ, რომლებიც გიგას დედამ, მისმა ოჯახმა და მეგობრებმა გამოიარეს, როცა ნინო სიმსივნეს ებრძოდა, ჭიკაძეს მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარება შთააგონა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ ფიზიკური, ემოციური და ფინანსური გადმოსახედიდან რამდენად გამანადგურებელი შეიძლება დაავადებასთან ბრძოლა იყოს.

„თითქმის ყველაფერი, რაც გვქონდა, ოჯახისგან მოდიოდა, თუმცა ბევრი ადამიანი გვეხმარებოდა, რადგან მებრძოლი ვიყავი. ამან დამაფიქრა იმაზე, თუ საიდან ექნება ამხელა თანხა ადამიანს, რომელსაც არავინ ჰყავს... არც ოჯახი, არც ცნობილი ადამიანი ოჯახში ან რამე მსგავსი“, - ამბობს გიგა.

2014 წელს, ჭიკაძემ და მისმა დამ, კესომ საქველმოქმედო ფონდი, „დაანოკაუტე სიმსივნე“ დააარსეს, რომელიც სიმსივნესთან მებრძოლ ადამიანებს ფინანსურად ეხმარება რათა, მათ სამედიცინო მომსახურების ხარჯები და ქიმიოთერაპიისა და სამედიცინო შემოწმების ღირებულება დაფარონ. როგორც წესი, ჭიკაძე ამისთვის საკუთარი ბრძოლებიდან და სპონსორებისგან მიღებულ თანხას იყენებს.

„ძირითადად, სამედიცინო მომსახურების ხარჯებს ვფარავთ და ადამიანებს ქიმიოთერაპიისა და ქირურგიული ჩარევის შემდგომი პროცედურების დროსაც ვეხმარებით. მაგალითად, კიდევ ერთხელ შემოწმებაზე მისვლა, ექიმთან კონსულტაციის გავლა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გადაღება და კიდევ რამდენიმე სხვა პროცედურა“, - ამბობს ჭიკაძე.

დღემდე, გიგა მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 200 ადამიანს დაეხმარა. ჭიკაძის და, კესო იმ ადამიანების იდენტიფიკაციას ახდენს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და დონაციებს ამარტივებს, გიგას ბრძოლები კი ცნობიერებას ამაღლებს და მას ფინანსების მოძიებაში ეხმარება. გიგას და კესოს 2021 წლისთვის დიდი გეგმები აქვთ. მათ საქველმოქმედო ფონდის მასშტაბების გაზრდა სურთ და უნდათ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარონ.

„იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამ რიცხვზე 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტს დავეხმარებით. ვიცი, ჩემი ფონდი ჯერჯერობით არც ისე დიდია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დავეხმარეთ, ის ნამდვილად დიდი იყო და ამით ვამაყობ“, - ამბობს გიგა.

სხვების დახმარების სურვილის მოტივაციად გამოყენებამ 32 წლის მებრძოლზე დადებითად იმოქმედა. UFC-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რაც 2019 წელს მოხდა, მის ანგარიშზე უკვე 6 გამარჯვება და 0 მარცხია და ჭიკაძე თავისი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მოხვდა. თითოეულ ბრძოლასთან ერთად, მან იცის, რომ უფრო მეტი ადამიანი ადევნებს თვალს და ეს ნიშნავს, რომ მისი საქველმოქმედო ფონდის შესახებ უფრო და უფრო მეტი ხდება ცნობილი.

„ეს ყველაფერი ძალიან ადრე, 2014 წელს დავიწყეთ და წინ ნელ-ნელა მივდივარ. აშშ-ში ჩასვლის შემდეგ, ველოდი, მედიის სექტორის ცნობილი წარმომადგენლები ამაზე კითხვას როდის დამისვამდნენ და გვჯერა, რომ მეტი ადამიანის დახმარება შეგვიძლია. ვფიქრობ, MMA-ში რაც უფრო ცნობილი გავხდები, მით უფრო უკეთ იფუნქციონირებს ჩემი საქველმოქმედო ფონდი. ეს ჩემი ერთ-ერთი მოტივაციაა. როცა ვჩხუბობ, ამას მხოლოდ ჩემთვის არ ვაკეთებ. ვჩხუბობ ჩემებისთვის, ქართველი ხალხისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვეხმარებით“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები