Aa Aa
26 აპრილი 2021  |  20:02

პროფესიონალური კრივი საქართველოში დაბრუნდა - თბილისში სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

პანდემიის გამო იძულებითი 1 წლიანი პაუზის შემდეგ პროფესიონალური კრივი საქართველოში დაბრუნდა!

25 აპრილს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის სპორტულმა ცენტრმა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის ორგანიზებით გამართულ  სარეიტინგო ორთაბრძოლებს უმასპინძლა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მებრძოლებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან.

რინგზე ასპარეზობას მონატრებულმა სპორტსმენებმა საკმაოდ საინტერესო და დაძაბული პაექრობები შესთავაზეს ქომაგს, რომელთა დარბაზში დასწრება დაშვებული არ იყო, თუმცა ყველას ჰქონდა პირდაპირი რეპორტაჟის ხილვის საშუალება.

უშეღავათო ბრძოლა გააჩაღეს 6 რაუნდიან დაპირისპირებაში გამოცდილმა ფოთელმა მოკრივემ გიორგი უნგიაძემ და თბილისელმა ბექა მურჯიკნელმა. მებრძოლთა დაუღალავი მცდელობების მიუხედავად შეხვედრა ფრედ დასრულდა.

დაძაბულობით გამოირჩა დებიუტანტი გორელი მებრძოლის, გიორგი დოლიაშვილისა და ახალციხელი რატი მიგრიაულის შერკინებაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში. დოლიაშვილის სწრაფ და ტექნიკურ სტილს მიგრიაულმა მძლავრი დარტყმებით უპასუხა. თუმცა საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით დაპირისპირებაში ქულებით გიორგი დოლიაშვილმა იმარჯვა.

ტრადიციულად მაღალი ოსტატობა და კლასი გამოავლინა ფოთელმა იაგო კიზირიამ, რომელმაც მოუღლელი შეტევებით და კორპუსში უძლიერესი დარტყმებით ვადაზე ადრე გატეხა დებიუტანტი ნიკა ბუქურის წინააღმდეგობა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში.


იმავე წონით კატეგორიაში ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი შექმნა თბილისელმა გიორგი კანკავამ, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ღრმა ნოკაუტში გაგზავნა ბორჯომელი მერაბ გუკასიანი.


ტექნიკური ნოკაუტით პირველივე რაუნდში იმარჯვა კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოკრივემ, 21 წლის გიორგი უმეკაშვილმა, რომელსაც ღონისძიების დასასრულს ბრძოლების ორგანიზატორებისაგან სპეციალური პრიზიც ერგო.  საშუალო წონაში მოასპარეზე მებრძოლი რინგზე დაუმარცხებელია და მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს კარიერაში.

ღონისძიების გამორჩეული და ყველაზე დაძაბული ბრძოლა კი მძიმეწონოსან მოკრივეთა შორის შედგა. კასპელი თამაზ ზადიშვილი ქუთაისელ დებიუტანტ მებრძოლს, რიჩარდ ფხაკაძეს დაუპირისპირდა. ფხაკაძემ სწრაფად, აქტიურად და ენერგიულად დაიწყო შეტევები, თუმცა ზადიშვილმა დიდი ბრძოლისუნარიანობა და ამტანობა გამოიჩინა. მან საკმაოდ გახსნილი სტილით განაგრძო ასპარეზობა, თავადაც გაუძლო და მეტოქესაც მიაყენა უძლიერესი დარტყმები. საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით მცირედი უპირატესობა სწორედ ზადიშვილს მიენიჭა და უდაძაბულეს ბრძოლაში კასპელმა მებრძოლმა ერთქულიანი სხვაობით სძლია მოწინააღმდეგეს.

საინტერესოდ წარმართეს ბრძოლები და გამარჯვებები მიითვალეს გიორგი გოგატიშვილმა (ფოთი), გიორგი მჭედლიძემ (კასპი), საბა მაჭარაშვილმა (რუსთავი),  გიორგი ღვინიაშვილმა (ვარიანი), მიხეილ ხუციშვილმა (ვარიანი)  და ნიკა ყულუმბეგაშვილმა (თბილისი).

ბრძოლები დიტო გულიაშვილსა (ვარიანი) და ბესო ლუხუტაშვილს (მესტია), ასევე ბექა ადუაშვილსა (ვარიანი) და დავით ბადურაშვილს (თბილისი) შორის კი ფრედ დასრულდა.

საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით კრივის სარეიტინგო ბრძოლების გამართვა საქართველოში ინტენსიურ ხასიათს მიიღებს და „კრივის საღამოები“ ყოველთვიურად შედგება. შემდგომი შეჯიბრი 2021 წლის 24 მაისს არის ჩანიშნული.


შედეგები:

1. გიორგი მჭედლიძე (კასპი) VS ირაკლი კურტანიძე (ბორჯომი) 69 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა მჭედლიძემ.

  1. საბა მაჭარაშვილი (რუსთავი) VS თორნიკე გიკაშვილი (გორი) 65 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა მაჭარაშვილმა
  2. გიორგი დოლიაშვილი (გორი) VS რატი მიგრიაული (ახალციხე) 66 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა დოლიაშვილმა
  3. გიორგი ღვინიაშვილი (ვარიანი) VS დავით ბიძინაშვილი (გორი) 66 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ღვინიაშვილმა
  4. მიხეილ ხუციშვილი (ვარიანი) VS რობერტ ფარნაშვილი (თბილისი) 90 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ხუციშვილმა
  5. მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) VS გიორგი კანკავა (თბილისი) 76 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა კანკავამ
  6. გიორგი გოგატიშვილი (ფოთი) VS მალხაზ თათრიშვილი (გორი) 63 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა გოგატიშვილმა
  7. დიტო გულიაშვილი (ვარიანი) VS ბესო ლუხუტაშვილი (მესტია) 68 კგ. 4 რაუნდი - ფრე
    9. ბექა ადუაშვილი (ვარიანი) VS დავით ბადურაშვილი (თბილისი) 78 კგ. 4 რაუნდი - ფრე
    10. გერისო ადუაშვილი (ვარიანი) VS ნიკა ყულუმბეგაშვილი (თბილისი) 90 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ყულუმბეგაშვილმა
  8. იაგო კიზირია (ფოთი) VS ნიკა ბუქური (დუშეთი) 76 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა კიზირიამ
  9. გიორგი უნგიაძე (ფოთი) VS ბექა მურჯიკნელი (თბილისი) 68 კგ. 6 რაუნდი - ფრე
  10. რიჩარდ ფხაკაძე (ქუთაისი) VS თამაზ ზადიშვილი (კასპი) 90+ კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა ზადიშვილმა
  11. გიორგი უმეკაშვილი (თბილისი) VS ტრისტან ხიზანიშვილი (ვარიანი) 72 კგ. 4 რაუნდი - გაიმარჯვა უმეკაშვილმა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში