უეფას მორიგი შეხვედრა - სუპერ ლიგის კლუბებს ევროტურნირებიდან გარიცხავენ
Aa
Aa

უეფას მორიგი შეხვედრა - სუპერ ლიგის კლუბებს ევროტურნირებიდან გარიცხავენ

ავტორიტეტული გამოცემის, Reuters-ის ინფორმაციით, უეფა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს და რადიკალურ ზომებს მიიღებს. როგორც ირკვევა, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სუპერ ლიგის წევრ კლუბებს მიმდინარე ევროტურნირებიდან ოფიციალურად გარიცხავს.

Reuters-ის ცნობით, უეფა „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ევროპა ლიგიდან გარიცხავს, „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსისა“ და „რეალს“ კი - ჩემპიონთა ლიგიდან. შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ზემოთ ხსენებული ტურნირები.

ამ საკითხთან დაკავშირებით უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, იესპერ მელერმაც ისაუბრა და განაცხადა: „კლუბები ტურნირებს უნდა დაემშვიდობონ და ველოდები, რომ ეს პარასკევს მოხდება, შემდეგ კი ვნახავთ ჩემპიონთა ლიგა როგორ დასრულდება. პარასკევს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შეხვედრა გაიმართება და პირადად მე, ვთვლი, რომ ევროტურნირებიდან 12-ვე კლუბი უნდა მოვკვეთოთ.

როცა უეფა კლუბებს გარიცხავს, ფეხბურთელთა კონტრაქტები ავტომატურად გაწყდება. ასე რომ, მოთამაშეები თავისუფალი აგენტები გახდებიან და შეეძლებათ, სხვა გუნდებში გადავიდნენ“.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაანონსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები