„დღე, როცა ფეხბურთი სოკერი გახდა“ - ლოვრენი სუპერ ლიგის შექმნას გამოეხმაურა
Aa
Aa

„დღე, როცა ფეხბურთი სოკერი გახდა“ - ლოვრენი სუპერ ლიგის შექმნას გამოეხმაურა

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, დეიან ლოვრენი „სუპერ ლიგის“ დაარსებას გამოეხმაურა. „ზენიტში“ მოასპარეზე ხორვატმა მცველმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სოციალურ ქსელებში მალევე აიტაცეს და ლოვრენის სულისკვეთება ბევრმა გაიზიარა.

„დღე, როცა ფეხბურთმა შეწყვიტა ფეხბურთად ყოფნა და სოკერი გახდა“, - განაცხადა ლოვრენმა.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე საათის წინ დაანონსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც ვიგებთ, რომ გათამაშებას ჰყავს 12 დამფუძნებელი კლუბი: „მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე გაირკვევა, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდება, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩევა. 20 მონაწილე ორ ჯგუფში, 10-10 გუნდად გადანაწილდება და გასვლა-სახლის პრინციპით, წრიული სისტემით ითამაშებს. ჯგუფების 3-3 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალში გავა, კიდევ ორი გუნდი კი დამატებითი პლეი-ოფით გამოვლინდება. ვიცით ისიც, რომ „სუპერ ლიგის“ მატჩები შუა კვირაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები