13 ქულა, 3 სამქულიანი - გოგას შესანიშნავი თამაში და ინდიანას მორიგი მარცხი
Aa
Aa
17 აპრილი 2021  |  01:39

13 ქულა, 3 სამქულიანი - გოგას შესანიშნავი თამაში და ინდიანას მორიგი მარცხი

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ბოლო 3 შეხვედრაში მეორედ დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა NBA-ში საუკეთესო შედეგის მქონე „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია და შესანიშნავი სტარტის მიუხედავად, მაინც წააგო.

„ინდიანამ“ პირველი ტაიმი საუცხოოდ ჩაატარა, 69 ქულა ჩააგდო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა მეორე ნახევარში მრისხანე მოწინააღმდეგეს ვერაფერი დაუპირისპირა. დონოვან მიჩელის ტრავმის მიუხედავად, „იუტა“ გადამწყვეტ მომენტებში მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ, 119-111 იმარჯვა.


გოგამ ჩინებულად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი და 25 წამი გაატარა, თუმცა ეს დრო მისთვის 13 ქულის, 4 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დასაგროვებლად საკმარისი აღმოჩნდა. 21 წლის ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო

„ინდიანას“ რიგებში გოგაზე მეტი ქულა მხოლოდ კარის ლევერტს - 24, დომანტას საბონისსა - 22 და მალკოლმ ბროგდონს - 16 ჰქონდათ. „იუტას“ კი 24 ქულით ბოგდანოვიჩმა ულიდერა. მიჩელმა 22 ქულა გააკეთა, ხოლო გობერის ანგარიშზე 13 ქულა და 23 მოხსნა იყო.

„ჯაზთან“ წაგების შემდეგ, „ინდიანას“ 26 მოგება და 29 მარცხი აქვს. „პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს გამართავს და „ატლანტა ჰოუქსს“ გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები