Aa Aa
9 აპრილი 2021  |  14:25

ზედიზედ 11 გეიმი! - გორგოძე ბელინცონას ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

ეკატერინე გორგოძემ შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში მიმდინარე ITF-ის 60 000-იან ტურნირზე ზედიზედ მე-4 შეხვედრა მოიგო და 1/2 ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალურ ეტაპზე იტალიელ ბიანკა ტურატის აჯობა.

თამაში ტურატის უპირატესობით დაიწყო და ბრეიკით - 2:1 დაწინაურდა, რის შემდეგაც ეკომ მატჩის სადავეები სრულად ხელში ჩაიგდო და მეტოქეს ზედიზედ 11 გეიმი (!!!) მოუგო, საბოლოოდ - 6:2; 6:0.

მატჩი საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, ეკოს ეისი არ ჰქონია და არც ორმაგი შეცდომა დაუშვია, პირველ მოწოდებაზე 37-დან 22 (59%), ხოლო მეორეზე 6-დან 5 ქულა (83%) მოიგო. ასევე, 6 ბრეიკი შეასრულა, თავად კი მოწოდება ერთხელ დათმო.

გორგოძემ ტურატისთან ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაათანაბრა - მასთან 29 მარტს, დუბაის ტურნირზე წააგო, იქიდან მოყოლებული კი ბელინცონაში უკვე 4-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ჯულიან გრაბერი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ეკო წარმატებულად ასპარეზობს წყვილთა შორისაც. ის და ყაზახი ანნა დანილინა ფინალში არიან და იქ რებეკა მარინოსა და იუკი ნაიტოს დუეტს დაუპირისპირდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში