Aa Aa
7 აპრილი 2021  |  11:20

"ნეხვის შავი ნატეხი მიწოდა" - დიახაბის პირველი კომენტარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ

„კადისისა“ და „ვალენსიას“ მატჩისას, ხუან კალასა და მუქტარ დიახაბის შორის მომხდარი ინციდენტი, ესპანურ პრესაში კვირის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა. როგორც გვახსოვს, კადისელთა მცველ კალას დიახაბი მის მიმართ რასიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ „შავი ნეხვი“ უწოდა.

კალამ განმარტება გუშინ საღამოს გააკეთა და აღნიშნა, რომ მას დიახაბისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს და სირცხვილია, როცა უდანაშაულობის პრეზუმფცია ასე უხეშად ირღვევა.

„ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ აძლევს დიახაბი ეპიზოდს ისეთ ინტერპრეტაციას, როგორსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მოედნის გარშემო 20-25 კამერა და მიკროფონი მაინც მუშაობდა, იყვნენ ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები და არავის არაფერი გაუგონია.

შოკირებული ვარ იმით, რაც ხდება. არავის დაუდგენია, რომ დამნაშავე ვარ და ყველა მაინც ისე მექცევა, თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალია. მზად ვარ, დიახაბისთან ერთად დავჯდე და ამ თემაზე ვისაუბრო. ვფიქრობ, ეს გაუგებრობის მოგვარებაში დაგვეხმარება“, - ამბობს "კადისის" მცველი.

კალას ამ კომენტარს მალევე გამოეხმაურა „ვალენსია“, რომლის საიტზეც წერია სტატია სათაურით: „ხუან კალა, შენი არ გვჯერა“. წერილში აღნიშნულია, რომ კლუბი დიახაბის სიმართლეში დარწმუნებულია და წესების თანახმად, კალას დასასჯელად და რასიზმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს.

ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი თავად დიახაბიმაც გააკეთა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ამბობს: „უკვე მშვიდად ვარ და მინდა, იმ ეპიზოდზე გესაუბროთ. იმ მომენტში ჩემ მიმართ რასისტული გამონათქვამი გამოიყენეს. მან მე „ნეხვის შავი ნატეხი“ მიწოდა. თქვენ ნახეთ ჩემი რეაქცია და ჩანდა, რომ ასე ჩვეულებრივ ეპიზოდში არ იქცევიან, არამედ მაშინ, როცა რაღაც განსაკუთრებული ხდება. ეს არაა ეპიზოდი, რომელზეც ვინმე მირჩევს, რომ დავივიწყო და ცხოვრება გავაგრძელო, ეს შეუძლებელია. დღეს კარგად ვარ, მაგრამ გული ძალიან მეტკინა. ასეთია ცხოვრება და მსგავსი რაღაცები ხდება, მაგრამ იმედი მაქვს, ლა ლიგა ყველაფერს გაარკვევს და სანქციებს გაატარებს. ბოლოს, მადლობას ვუხდი „ვალენსიას“, ჩემს თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, იმ სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოხატეს“.

ინციდენტის შემდეგ ვალენსიელებმა მოედანი სრული შემადგენლობით დატოვეს, თუმცა რამდენიმე წუთში მინდორზე დაბრუნდნენ და მატჩი გაგრძელდა.

ჯერჯერობით, ხუან კალას მიერ ნათქვამი სიტყვების სინამდვილე არ დასტურდება, თუმცა თუ დიახაბი მართალს ამბობს და ეს გამოირკვა, კადისელთა მცველს რამდენიმემატჩიანი დისკავლიფიკაცია და ფულადი სანქცია დაეკისრება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში