Aa
Aa

„უნდა, ყვითელი ბარათი მომცეს" - მესი, ყოფილი მსაჯები და ვალიადოლიდის მერი ლატრეს აკრიტიკებენ

ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ თავისი შეხვედრა „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. „ბლაუგრანამ“ ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე შეაგდო და სტუმართა კარი უსმან დემბელემ აიღო.

ფრანგი ფეხბურთელის უმნიშვნელოვანესი დარტყმის მიუხედავად, ესპანურმა პრესამ და ადგილობრივმა ქომაგებმა მატჩის გმირის სტატუსი მთავარ არბიტრს, ხაიმე ლატრეს მიაკუთვნეს. ესპანელი მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და რეფერი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა, ვალიადოლიდის მერი, ოსკარ პუენტე გახლდათ. ეს უკანასკნელი ლატრეს მსაჯობით, რომელმაც 79-ე წუთზე, როცა ანგარიში 0-0 იყო, „პუცელას“ ფეხბურთელს, ოსკარ პლანოს წითელი ბარათი უჩვენა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკმაყოფილო დარჩა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „ნამდვილი ძარცვა. წარმოუდგენელი სირცხვილი. ვფიქრობ, მატჩის შემდეგ, მთავარი მსაჯი ბარსას გასახდელში უნდა შესულიყო და ბლაუგრანას ფეხბურთელები დაეტუქსა. მათ გამარჯვება კინაღამ ხელიდან გაუშვეს და მათი გამოსვლა არბიტრის მიერ გაწეულ საუცხოო სამუშაოს არ შეესაბამებოდა. ის მათზე ერთი თავით მაღლა იდგა“.

„ვალიადოლიდის“ მოთამაშის გაძევებასთან დაკავშირებით კომენტარი ყოფილმა მსაჯმა, იტურალდე გონსალესმაც გააკეთა და პუენტეს პოზიცია გაიზიარა: „VAR-ს შეუძლია ჩაერიოს, როცა მსაჯი ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენებისას შეცდომას უშვებს. ვიდეორეფერის ეს მომენტი უნდა გადაემოწმებინა და არბიტრისთვის მიემართა. ეს წითელი ბარათი არც ერთ შემთხვევაში არაა“.

„მსაჯი ვალიადოლიდთან მიმართებით უსამართლო იყო. დემბელეზე აღებული ჯარიმა წითელი ბარათით არ უნდა დასჯილიყო. ბარსელონა უტევდა და უსმანს ჩაარტყეს, მაგრამ სიხისტეს ადგილი არ ჰქონია. ბარსელონას მიერ გატანილი გოლიც არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან დემბელეს მიერ შეგდებულ ბურთამდე 10 წამით ადრე, ხორდი ალბამ მესას წინააღმდეგ წესები დაარღვია“, - ეს კიდევ ერთი ყოფილი მსაჯის, ანდუხარ ოლივერის სიტყვებია

საინტერესოა, რომ ლატრეს მსაჯობით კმაყოფილი არც „ბარსელონაში“ ყოფილან. „ბლაუგრანას“ ლიდერს, ლიონელ მესის „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწია. „ლა პულგას“ ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მომდევნო ტურში გასამართი „ელ კლასიკოს“ გამოტოვება ემუქრებოდა და ლეო წესების დარღვევას ერიდებოდა, თუმცა მსაჯი მანაც გააკრიტიკა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, Movistar+-ის კამერებმა მესის მიერ „ბარსელონას“ დელეგატის, კარლეს ნავალის მისამართით ნათქვამი სიტყვები დააფიქსირეს: „მსაჯს უნდა, რომ ყვითელი ბარათი მომცეს. დაუჯერებელია“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა და 65 ქულა დააგროვა. „ბლაუგრანა“ ლიდერ „ატლეტიკოს“ 1 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსან „რეალს“ 2 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები