„ახალი სანე, ჩაიწერეთ, მისი სახელი
Aa
Aa

„ახალი სანე, ჩაიწერეთ, მისი სახელი" - Yahoo Sports კვარაცხელიაზე წერს

„რუბინის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში აქტიურად იწერება. „კვარას“ ევროპული ფეხბურთის გრანდებს უკავშირებენ და გასაკვირი არაა, მის მიმართ ყურადღება რომ გაიზარდა.

20 წლის შემტევზე ამჯერად სტატიას Yahoo Sports-ის იტალიური ვერსია აქვეყნებს სათაურით - „მილანი ახალი სანეს კვალზე: ბაიერნი და იუვენტუსი გამოწვეულნი არიან“ და ხვიჩას შესახებ მოკლედ საუბრობს.

„ხვიჩა კვარაცხელია. ჩაიწერეთ, მისი სახელი და გვარი. არა იმიტომ, რომ მისი გვარის დაწერა, წარმოთქმა და დამახსოვრება ძალიან ძნელია, არამედ იმიტომ, რომ ამ ახალი „Ctrl+V“ (კომბინაცია, რომლითაც დაკოპირებული ტექსტის ჩასმა ხდება - აქცენტი ხვიჩს გვარის სირთულეზეა) გვარის უკან ევროპული ფეხბურთის დიდი ტალანტი იმალება.

2001 წელს დაბადებული ქართველი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტალანტია. იგი გარემარბია, რომელიც ორივე ფეხს შესანიშნავად იყენებს და უდიდესი ალბათობით, მომდევნო სეზონში რუბინს დატოვებს და კარიერას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გუნდში გააგრძელებს.

2019 წლის ზაფხულში, უეფამ იგი 2019-20 წლების სეზონის ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეთა შორის დაასახელა და მისით იუვენტუსი, მილანი და ბაიერნი ინტერესდებიან. ხვიჩას მიმდინარე სეზონში 4 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. რუსეთის პრემიერ ლიგის MVP-სა და 2020 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს ლეროი სანეს ადარებენ და მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს აღემატება. ქართველი შემტევი იტალიური გუნდების ყურადღების ცენტრშია. Calciomercato-ის ინფორმაციით, მილანმა ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგრამ ბაიერნი, იუვენტუსი და სხვა კლუბებიც არ დაგავიწყდეთ. ხვიჩა კვარაცხელია, ჩაიწერეთ, მისი სახელი“, - წერს Yahoo Sports.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, მისი მთავარი მიზანი ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნებაა, თუმცა დასძინა, რომ გრანდებისგან წინადადების მიღების შემთხვევაში, ხვიჩას ყაზანში დატოვება გაუჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები