1982 წლის მუნდიალი და ჰანსენის შეცდომა - Independent-მა რამაზ შენგელიას გოლი გაიხსენა
„ნისლიან ალბიონზე“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ინგლისის ნაკრებს მიღმა დატოვებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. „სამი ლომი“ მოახლოებული სანაკრებო პაუზისას 3 შეხვედრას გამართავს და სან მარინოს, ალბანეთსა და პოლონეთს დაუპირისპირდება. საუთგეიტის ბიჭებს ფონს გასვლა „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევთ და რამდენიმე ბრიტანული გამოცემის აზრით, გარეტმა ტრენტის არგამოძახებით შეცდომა დაუშვა.
ავტორიტეტული ტაბლოიდი, Independent ერთ-ერთია, რომელიც თვლის, რომ ალექსანდერ-არნოლდი „სამ ლომის“ შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებდა და თავის სტატიაში ახალგაზრდა მცველის ეროვნული გუნდის მიღმა დატოვებას „ლივერპულის“ ისტორიაში ყველაზე უცნაურ „არგამოძახებად“ მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ტრენტის ბედს წარსულში „წითლების“ ორი გამორჩეული ფეხბურთელი იზიარებდა.
Independent მკითხველის ყურადღებას შოტლანდიელ უკანახაზელებზე, სტივ ნიკოლსა და ალან ჰანსენზე ამახვილებს და ამ უკანასკნელზე საუბრისას 1982 წლის მუნდიალზე რამაზ შენგელიას მიერ გატანილ გოლს იხსენებს.
„ალან ჰანსენის სანაკრებო კარიერის ყველაზე ცნობილი მომენტი ესპანეთში გამართულ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში შოტლანდია საბჭოთა კავშირს შეხვდა და გასასვლელად გამარჯვება ესაჭიროებოდა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე, ანგარიში 1-1 იყო, როცა რამაზ შენგელიამ ჰანსენი ფლანგზე გადაიყვანა და ალანმა უდროო თავური დარტყმა განახორციელა, რომლის შემდეგაც ბურთი შოტლანდიელთა ნახევარზე აღმოჩნდა. თანაგუნდელის შეცდომის გამოსწორება და სახიფათო მდგომარეობის განმუხტვა უილი მილერმა სცადა, მაგრამ მას ჰანსენი დაეჯახა და შენგელიამ გოლი მარტივად გაიტანა, შოტლანდია კი მუნდიალს დაემშვიდობა“, - წერს Independent.
ცნობისთვის, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სსრკ-მ და შოტლანდიამ 3-3 ქულა დააგროვეს, თუმცა ბრიტანელებს ბურთების უარესი შეფარდება ჰქონდათ და ტურნირს გამოეთიშნენ.