Aa
Aa

ბლახოვიჩმა ადესანია დაამარცხა და ტიტული დაიცვა

ლას ვეგასში UFC 259-ის საღამოზე ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლა შედგა - იან ბლახოვიჩი ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდა და 5 რაუნდის შემდეგ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გამარჯვებულად პოლონელი გამოცხადდა.

ბლახოვიჩმა ბრძოლა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა, ტაქტიკა სწორად შეარჩია და ლოგიკური ფინალისკენ წაიყვანა.

38 წლის პოლონელმა ამ ბრძოლამდე დომინიკ რეიესი დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ვაკანტურ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა. ბლახოვიჩმა ტიტული პირველად სწორედ ადესანიასთან დაიცვა და გახდა პირველი მებრძოლი, რომელმაც მისი დამარცხება შეძლო.

საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისრაელ ადესანია მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას ცდილობდა, თუმცა ჯერჯერობით ეს არ გამოუვიდა.

"მეგონა, რომ ის უფრო სწრაფი იქნებოდა, თუმცა შედარებით ნელი აღმოჩნდა. მეგონა, რომ სუსტად ურტყამდა, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ვიცოდი, რომ ადესანიას პარტერში გადაყვანა შემეძლო, რაც გავაკეთე კიდეც. შემდეგი მეტოქე გლოვერ ტეიშეირა იქნება, იქამდე კი ცოტას დავისვენებ და ოჯახთან ერთად დროს გავატარებ". - თქვა ბლახოვიჩმა ბრძოლის შემდეგ.

ბოლოს გეტყვით, რომ პოლონელს კარიერაში 28 მოგება და 8 მარცხი აქვს, ბლახოვიჩმა ბოლო 10 ბრძოლიდან 9-ში გამარჯვება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები