Aa Aa
4 მარტი 2021  |  19:28

რაგბი ევროპა - ბორჯღალოსნების შემადგენლობა პორტუგალიასთან

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია.

6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშება. წლევანდელი (და მომავალი წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი ამბობს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, რათა ახალი მოთამაშეების გამოცდასთან ერთად, სასურველი შედეგიც მივიღოთ:

„განწყობის თვალსაზრისით, ამ და შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს შორის არანაირი სხვაობა არაა. მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ზღვარი ექსპერიმენტებსა და თამაშის ხარისხს შორის. საჭირო და აუცილებელია გავაჩინოთ რეზერვი, მოთამაშეებმა მიიღონ გამოცდილება, გავზარდოთ კონკურენცია და ასე ვთქვათ, დავაგრძელოთ სკამი, თუმცა, ამავდროულად, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, მით უმეტეს, რომ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო წელიწადია“.

ახალგაზრდები და გამოცდილები შერკინებაში

რუსეთთან ერთი თვის წინ ჩატარებული მატჩის შემდეგ, სრულადაა შეცვლილი შერკინების პირველი ხაზი. კვაჭის პოზიციაზე თამაშს გამოცდილი ჯაბა ბრეგვაძე იწყებს, რომელსაც მხარს ახალგაზრდა ბურჯები – გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე გაუმაგრებენ. ორივე მათგანმა სასტარტოში ბოლოს 22 თებერვალს, ბელგიის წინააღმდეგ ითამაშეს. გოგიჩაშვილს ძირითადში მეექვსედ, ხოლო მელიქიძე მეოთხედ ვიხილავთ.

მეორე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ლაშა ჯაიანმა და ის ნოდარ ჭეიშვილს შეუწყვილდება. ამ წყვილმა ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“, ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

მესამე ხაზში ბრუნდება გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, მეორე ფლანკერი უკვე ტრადიციულად – ბექა საღინაძე იქნება, ხოლო შერკინების შემკვრელი თორნიკე ჯალაღონიაა.

ხაზი

9 ნომრად თამაშს გელა აფრასიძე იწყებს, რომელიც ძირითადში ბოლოს ნოემბერში, ინგლისთან მატჩში იყო. მას მგეზავი ლაშა ხმალაძე შეუწყვილდება, რომელმაც ამ პოზიციაზე ბოლოს შარშან, სწორედ პორტუგალიასთან ითამაშა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი ფულბეკად ირჯებოდა.

„შემოდგომის ერთა თასის“ მსგავსად, ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელიც ცოტა ხნის წინ ‘გლოსთერს’ შეუერთდა და ინგლისის პრემიერშიფში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრო.

ფრთებზე სანდრო თოდუასა და მირიან მოდებაძეს ვიხილავთ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილი იქნება.

სამი დებიუტანტი მარქაფაში

სამი დებიუტანტია მარქაფაში – ‘რასინგ 92’-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, ‘ბრივის’ მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და ‘აიას’ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი.

 9 ნომრის პოზიციაზე შეცვლაზე ვიხილავთ მიხეილ ალანიას, რომელიც მეორე კეპს მოიხვეჭს. ხაზის მარქაფაშია ახალგაზრდა დემე თაფლაძეც.

გუნდს მეორე ტაიმში გააძლიერებენ გამოცდილი კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ბექა გიგაშვილი, ასევე მეორეხაზელი დავით გიგაური.

შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მაისაშვილი ამბობს:

„გუნდში სამი დებიუტანტი გვყავს, რომლებიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან. ვცდილობთ გამოვცადოთ ახალი მოთამაშეები და ამავდროულად, არ დავარღვიოთ ბალანსი. ძირითად შემადგენლობაში არიან გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე. გოგიჩაშვილი რუსეთთან თამაშისთვის კლუბმა არ გამოუშვა და ახლა ჩვენთანაა, მელიქიძემ კი ყველა თამაშში დაამტკიცა, რომ დასაყრდენი ძალაა და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა“.

„პრობლემა გვაქვს მარცხენა ბურჯის პოზიციაზე. მიხეილ ნარიაშვილს მუხლი აწუხებს და ბექა გიგაშვილს პოზიცია შევუცვალეთ, რაც მისთვის უცხო არაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა სიძლიერე შეგვმატონ და საბედნიეროდ, ამის შესაძლებლობა გვაქვს“.

„დიდი ხანია მგეზავად არ გვინახავს ლაშა ხმალაძე, 9 ნომრად კი შანსს გელა აფრასიძე მიიღებს, რომელსაც ძირითადად შეცვლაზე უწევს ხოლმე შესვლა. ეს ტაქტიკური ცვლილებაა და გარდა ამისა, ამ ბიჭებმა, ასევე მიხეილ ალანიამ, რომელიც მარქაფაშია, შანსი დაიმსახურეს“.

„ტრავმის შემდეგ გვიბრუნდება სანდრო თოდუა, რომელმაც რეაბილიტაცია გაიარა. ასევე დაგვიბრუნდა გიორგი კვესელაძე, რომელიც მერაბ შარიქაძესთან კარგადაა შეთამაშებული და დარწმუნებული ვარ, ის დიდ ენერგიას შეგვმატებს“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში