გამარჯვება ჩილესთან | ბორჯღალოსნებმა ერთა თასზე მესამე თამაში მოიგეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მესამე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები“ ჩილეს დაუპირისპირდნენ და მატჩი, რომელსაც სანტიაგომ უმასპინძლა, პიერ-ანრი ბრონკანის გუნდმა 49:22 მოიგო.
შეხვედრის პირველი ლელო მეოთხე წუთზე დაიდო და „ბორჯღალოსნები“ ბაჩუკი ჭუმბაძემ დააწინაურა, გარდასახვა კი ლუკა მატკავამ გამოიყენა. მე-12 წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი ვახტანგ ჯინჭარაძემ დაამიწა, მატკავას გარდასახვა ისევ ზუსტი იყო. ლელოებს შორის მეტოქემ ერთი ჯარიმა გაიტანა — 14:3.
მე-18 წუთზე ლუკა ივანიშვილის ჯერი დადგა, ხოლო მატკავამ გარდასახვა ისევ ზუსტად დაარტყა. 25-ე წუთზე ჩილემ პირველი ლელო დადო და ჩამორჩენა შეამცირა — 21:8. ტაიმის მიწურულს გუნდებმა გარდასახული ლელოები გაცვალეს. „ბორჯღალოსნების“ მხრიდან ბექა შვანგირაძე გამოირჩა და პირველი ტაიმი 28:15 მოვიგეთ.
59-ე წუთზე თორნიკე კახოიძემ ლელო დადო, რის შემდეგაც მატკავამ „ბორჯღალოსნებს“ 20-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. 67-ე წუთზე იოანე იაშაღაშვილმა გამოიჩინა თავი, 79-ე წუთზე კი ჯინჭარაძემ თავისი მეორე ლელო დადო.
ცნობისთვის, საქართველოს სამიდან სამი მოგება აქვს და პირველ ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. „ბორჯღალოსნების“ მომდევნო მეტოქე ტონგაა, რომელსაც 7 ნოემბერს დაუპირისპირდებიან.