Aa
Aa

გოგას ცუდი მატჩი და ინდიანას ფიასკო - პეისერსი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი ამჯერად აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერთან, „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ დამარცხდა.

„ინდიანამ“ საშინლად ითამაშა და ფაქტობრივად მთელი მატჩი მდევრის როლში იყო. „ფილადელფიამ“ პირველი ნახევარი 17 ქულით მოიგო, მესამე მეოთხედში კი 31-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა და საბოლოოდ, 130-114 იმარჯვა.

გოგამ პარკეტზე 9 წუთი და 31 წამი გაატარა და აქტივში მხოლოდ 1 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ბითაძემ 3 ორქულიანი და 1 სამიანი გააფუჭა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ფილადელფიას“ გამარჯვება ჯოელ ემბიდისა და შეიკ მილტონის დამსახურება გახლავთ, რომლებმაც ჯამში 50 ქულა მოაგროვეს. ბენ სიმონსმა 18 ქულა მიითვალა, ხოლო ფურკან კორკმაზი 19 ქულით გამოირჩა.

„ინდიანას“ 20 ქულით მალკოლმ ბროგდონმა ულიდერა. ედმონდ სამნერს 18 ქულა ჰქონდა. საბონისმა 15 ქულაზე მეტი ვერ ჩააგდო, მაილს ტერნერი კი 11 ქულას დასჯერდა.

„ინდიანამ“ მიმდინარე სეზონში მე-18 მატჩი დათმო და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს. „პეისერსის“ მომდევნო მეტოქე „კლივლენდი“ გახლავთ, რომელსაც 4 მარტს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები