Aa Aa
26 თებერვალი 2021  |  21:36

„წასვლა ორი მიზეზის გამო გადაწყვიტა" - ბურჯანაძემ გრან კანარია დატოვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა, ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარია“ დატოვა. ეს ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა გაავრცელა და ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს დეტალები ამცნო.

„გრან კანარიამ და ბექა ბურჯანაძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. კალათბურთელმა წასვლა პირადი მიზეზების გამო მოითხოვა. გრან კანარია ბექას გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის და მას, როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში, წარმატებას უსურვებს“.

ბურჯანაძის წასვლის შესახებ „გრან კანარიას“ მთავარმა მწვრთნელმა, პორფირიო ფისაკმაც ისაუბრა და განაცხადა: „ბექამ გუნდის დატოვება იმიტომ მოითხოვა, რომ ძალები მაქსიმალურად აღიდგინოს. ის ნამდვილი პროფესიონალია და სურს, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდეს. მომდევნო წელი მისთვის უმნიშვნელოვანესია და მას წასვლა ოჯახური მდგომარეობის გამოც უნდოდა. მან დაგვიდასტურა, რომ ამ ეტაპზე, სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს. მას საქართველოში დაბრუნება, ძალების აღდგენა და დროის ოჯახთან ერთად გატარება სურს“.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ბურჯანაძემ „გრან კანარიას“ მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და ბევრი სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში