ჟორდანია ავსტრიული კლუბის ინვესტორი ხდება - აუსტრია კოლაფსისგან უნდა იხსნას
Aa
Aa

ჟორდანია ავსტრიული კლუბის ინვესტორი ხდება - აუსტრია კოლაფსისგან უნდა იხსნას

მერაბ ჟორდანია ავსტრიული ვენის ''აუსტრიას'' ინვესტორი ხდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი.

Kurier-ის და Wien Orf-ის ცნობით შემდეგ კვირაში ვენის ''აუსტრია'' კლუბის ახალ ინვესტორს წარადგენს და ეს ახალი ინვესტორი სფფ-ის ექს-პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა, რომელიც 2010-15 წლებში ''ვიტესის'' მფლობელი იყო.

''თებერვლის მიწურულს შეთანხმებას მივაღწიეთ, ახლა მხოლოდ ფორმალური მხარეა მოსაგვარებელი'' - აღნიშნა ავსტრიული კლუბის ერთ-ერთმა მმართველმა მარკუს კრეჩმერმა, რომელმაც ინვესტორი არ დაასახელა, თუმცა ავსტრიული მედიის ცნობით ის სწორედ ქართველი ფუნქციონერია.

2020 წელს ''აუსტრიამ'' თითქმის 19 მილიონი ევროს ზარალი განიცადა და ფაქტობრივად კლუბი ფინანსური კოლაფსის წინაშეა.

''ვიტესიდან'' წამოსვლის შემდეგ მერაბ ჟორდანია ფეხბურთში არ მოღვაწეობდა, მან დაახლოებით ექვსწლიანი პაუზი აიღო და ახლა ევროპულ ფეხბურთს უბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ''აუსტრიაში'' ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ვიხილოთ, როგორც ეს მოხდა ჟორდანიას ''ვიტესში'' ყოფნისას, სადაც გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობდნენ.

2020-21 წლების სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის 12-გუნდიან ჩემპიონატში ''აუსტრია'' 21 ქულით მერვე პოზიციაზეა. მთავარი მწვრთნელი 2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პეტერ შტიოგერია, რომელიც წარსულში გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებს, ''კიოლნსა'' და ''დორტმუნდს'' წვრთნიდა.

ახლახანს ''აუსტრიას'' სარეზერვო გუნდში მერაბ ჟორდანიას შვილი, 24 წლის ლევან ჟორდანია ჩაირიცხა, რომელმაც გასული წელი თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები