Aa
Aa

ატალანტა VS რეალი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირებები გახურდა. "ატალანტა" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს. ასეთი მატჩების წინ გულშემატკივრებს ბევრი დეტალი აინტერესებთ. Crystalsport კი გთავაზობთ გუნდების მდგომარეობას, დანაკლისებს და მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარებს.

"რეალი"

მადრიდის "რეალი" ბერგამოელებთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება, თუ არ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გუნდს ძირითადი შემადგენლობის 9 ფეხბურთელი აკლია, რომელზეც ვრცლად ქვემოთ მოგახსენებთ. "ბლანკოსმა" ლა ლიგაში ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო. უკანასკნელ მატჩში კი სტუმრად ვალიადოლიდი 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი კაზემირომ გაიტანა.

"სამეფო კლუბი" ლა ლიგაში ლიდერ "ატლეტიკოს" ახლა 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. რამდენიმე ტურის წინ კი "როხიბლანკო" თანაქალაქელებს 10 ქულით უსწრებდა. ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და "რეალში" ატმოსფერო შედარებით უკეთესი გახდა.

დანაკლისი

მადრიდელები ბერგამოში განახევრებული შემადგენლობით ჩაფრინდნენ. უმთავრესი დანაკლისი გუნდის ლიდერი სერხიო რამოსია, რომელიც შესაძლოა ვერც განმეორებით შეხვედრაში ვიხილოთ. "ბლანკოსს" ასევე მთავარი დამრტყმელი ძალა და ბომბარდირი კარიმ ბენზემა დააკლდება. ფრანგი შემტევი "ვალენსიასთან" მატჩში დაშავდა. კარიმის და სერხიოს გარდა "სამეფო კლუბს" დანი კარვახალი, მარსელო, ედენ აზარი, ედერ მილიტაო, ფედე ვალვერდე, როდრიგო გოეში და ალვარო ოდრიოსოლა არ ეყოლება. ზიდანმა შემადგენლობაში კასტილიას ფეხბურთელები იხმო. განაცხადი კი ასეთია:

ზიდანი


"ჩვენ გვყავს ის ფეხბურთელები, რომლებიც გვყავს!! ვაპირებთ, რომ მინდორზე გამარჯვებისთვის გავიდეთ. ეს ჩვენ ძალიან გვინდა. მადრიდის "რეალს" გამარჯვება ყოველთვის სურს. ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით "ატალანტასთან" დაპირისპირება. ეს დაპირისპირება ფინალის ტოლფასია. 

ვიცით, რომ მეორე მატჩიც იქნება მადრიდში, მაგრამ ახლა მხოლოდ პირველი შეხვედრის მოგებაზე ვფიქრობთ. ჩვენ ასევე ვიცით საიდან მოვდივართ. ერთადერთი რაც გვინდა არის ის, რომ კარგად ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგაში ყოველთვის განსხვავებული და განსაკუთრებული მატჩებია, თუმცა ჩვენთვის არაფერი იცვლება. ფოკუსირებული მხოლოდ "ატალანტასთან" დაპირისპირებაზე ვართ."

"ატალანტა"

"ატალანტამ" სეზონი არც ისე კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში გასპერინის შეგირდებმა მოუმატეს და "რეალთან" მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლიდერმა პაპუ გომესმა დატოვა და "სევილიაში" გადავიდა. მიუხედავად ამისა, ბერგამოული კლუბი კოპა იტალიის ფინალშიც გავიდა და სერია ა-ს ბოლო 2 თამაშიც მოიგო. უკანასკნელად "ატალანტამ" კონკურენტი "ნაპოლი" 4:2 დაამარცხა. ამჟამად გასპერინის გუნდი სერია ა-ში 43 ქულით მე-5 ადგილზეა.

დანაკლისი 

"ატალანტას" განსხვავებით მადრიდელთაგან ტრავმიანობა არ აწუხებს. გუნდის ერთადერთი დანაკლისი ნიდერლანდელი ჰანს ჰატებური გახლავთ. 27 წლის ნახევარმცველი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. მიმდინარე სეზონში ის 17-ჯერ მოგვევლინა მინდორზე და გულშემატკივრებს თავი 2 გოლით დაამახსოვრა. სხვა პრობლემა გასპერინის გუნდს არ აქვს.

გასპერინი

"დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. ასე, რომ იდეალური მხოლოდ გამარჯვება იქნება. დაცვაში ცარიელი ზონების მხრივ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს იქნება უმაღლესი დონის მატჩი, რომელიც იდეალური ფორმით უნდა ჩავატაროთ.

აქამდე მათ არასდროს შევხვედრილვართ და მხოლოდ მოედანზე თუ გავიგებთ "რეალის" ძალას. "ბლანკოსი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ასეთი მატჩებისთვის ჩვენ გარკვეული ცოდნა და გამოცდილება გვაქვს დაგროვებული."

ცნობისთვის, "რეალი" და "ატალანტა" ერთმანეთს ოფიციალურ მატჩში არასდროს დაპირისპირებიან. ეს მათი პირველი შეხვედრა იქნება. შეგახსენებთ, რომ ხსენებული თამაში 24 თებერვალს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები