კამპ ნოუსა და სან სიროს მსგავსად - პრემიუმ კლასის ჰიბრიდული საფარი ბათუმში
Aa
Aa

კამპ ნოუსა და სან სიროს მსგავსად - პრემიუმ კლასის ჰიბრიდული საფარი ბათუმში

ბრიტანული კომპანია SISPICHES-ის მიერ ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ჰიბრიდული მინდვრის საფარი მოეწყობა. ამიერკავკასიაში ბაქოს ოლიმპიური სტადიონის შემდეგ ბათუმის სტადიონი იქნება პირველი, სადაც პრემიუმ კლასის ჰიბრიდულ მინდვრის საფარს დააგებენ. აღნიშნულმა კომპანიამ ამ ტიპის სამუშაო ''სან სიროსა'' და ''ნოუ კამპზე'' ჩაატარა.

ამ თემაზე კომპანია ''ანაგის'' პროექტების მმართველმა გოგა გუგავამ ისაუბრა: ''სტადიონის მშენებლობა განხორციელდა იმ საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც წარმოადგინეს სამშენებლო კომპანია ''ანაგის'' წინაშე, თუმცა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს მაღალ ნალექს, ტენიანობასა და სტადიონი ნახევრად გადახურულია, ბრიტანული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან კომუნიკაციის საფუძველზე გადაწყდა, რომ სტადიონზე მოეწყო სრულიად ახალი თანამედროვე ტექნოლოგია, რასაც ჰიბრიდული საფარი ჰქვია, რომელიც ბუნებრივ ბალახთან უზრუნველყოფს მუდმივ მდგრადობასა და მზადყოფნას ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ჩასატარებლად.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად სამშენებლო კომპანია ''ანაგმა'' მოიწვია უდიდესი გამოცდილების მქონე ბრიტანული კომპანია - SISPICHES. აღნიშნულ კომპანიას 100-ზე მეტ სტადიონზე ჩაუტარებია ამ ტიპის სამუშაო. მაგალითად, ''სან სიროსა'' და ''კამპ ნოუზე''. მოცემულ სამუშაოებს კომპანია ''ანაგი'' სრულად დააფინანსებს''.

შეგახსენებთ, აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ე.წ. ხელოვნური მზის შეძენას გეგმავს. საფეხბურთო სტადიონისთვის აღნიშნული ტიპის განათება ბუნებრივი ბალახის ზრდისთვის აუცილებელია. შესყიდვის ღირებულება მილიონ 640 000 ლარს შეადგენს. სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება. წინადადებების მიღების მაქსიმალური ვადა 8 თებერვალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები