ეს არასწორია, ბოლო 15 წუთის მოთამაშეა | სქოულზმა და ბატიმ კრიშტიანუ გააკრიტიკეს
პოლ სქოულზის თქმით, კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებისთვის გარკვეულ პრობლემად იქცა და არასწორია, რომ 41 წლის ასაკში კვლავ გუნდის შეტევის ხაზს ლიდერობს. პოლ სქოულზმა და ნიკი ბატმა ყოფილ თანაგუნდელზე პოდკასტ The Good, The Bad & The Football-ში ისაუბრეს.
„ვფიქრობ, მწვრთნელისთვის რთულია. მე ვიყავი გადაცემაში Stick to Football რობერტო მარტინესთან ერთად და კამერების მიღმა ვკითხე: „ის შენთვის პრობლემაა?“, რადგან ვგრძნობ, რომ ის ცოტათი პრობლემაა. 41 წლის ასაკში... ჩემი აზრით, მოედანზე მხოლოდ ერთი პოზიციაა, სადაც 41 წლის ასაკში ძირითადში უნდა იწყებდე თამაშს და ეს, ჩემთვის, მეკარეა.
ის მაინც გაიტანს გოლებს და ის ისეთ გუნდშია, რომელიც ბურთს დიდხანს ფლობს, მაგრამ როცა იქნება ისეთი მატჩი, სადაც ტრანზიცია (სწრაფი გადასვლა) გახდება საჭირო... და ასეთი თამაშები იქნება. მისი მოძრაობა 41 წლის ასაკში...
პორტუგალიას არ ჰყავს გამორჩეული ცენტრფორვარდი, მაგრამ გუნდს სჭირდება ვინმე, ვინც ირბენს.

ჩემთვის რონალდუ ბოლო 15 წუთის მოთამაშე უნდა იყოს. უბრალოდ, არ მესმის. თუ ხარ ცენტრალური მცველი ან მეკარე, 41 წლის ასაკში მოედანზე ყოფნა შესაძლოა ისეთ გუნდშიც „გაგივიდეს'', რომელიც ბურთს აკონტროლებს, (ასაკი და სისწრაფის ნაკლებობა არ შეგეტყოს და გუნდი არ დააზარალო). მაგრამ 41 წლის ასაკში ცენტრფორვარდობა... ეს არასწორია. 40 წლის ლუკა მოდრიჩისა და ხორვატიის მაგალითზეც ვნახეთ. ცენტრალური ნახევარმცველი 40 წლის ასაკში...
კრიშტიანუ საშინლად გაბრაზებული იქნება, რადგან ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, კილიან მბაპემ ორი გოლი გაიტანა... ეს მას შინაგანად შეჭამს.
მარტინესის გამო ვწუხვარ, რადგან ის ცდილობს ამ სიტუაციას პოზიტიურად შეხვდეს და ამბობს: „არა, მე მსოფლიოში საუკეთესო ბომბარდირი მყავს“, მაგრამ გულის სიღრმეში აუცილებლად იცის (ხვდება), რომ ეს მის გუნდს აზიანებს.“
ნიკი ბატი დაეთანხმა სქოულზს და აღნიშნა, რომ მარტინესს უზარმაზარი პრობლემა აქვს: „ვფიქრობ, კრიშტიანუს დიდი ეგო აქვს. ის შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ უზარმაზარი ეგო აქვს და გუნდისთვის დიდი პრობლემა იქნება. ისევე, როგორც მაშინ, როცა ის მეორედ დაბრუნდა მანჩესტერ იუნაიტედში.
კონგოსთან ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისთვის რომ შეგეხედათ, იქ დაახლოებით 20 000 პორტუგალიელი ქომაგი იყო და მგონი მათგან 18 000-ს ზურგზე „რონალდუ'' ეწერა. ასე რომ, როგორც მწვრთნელს, ამ ფაქტორთან გამკლავებაც გიწევს (ესეც გასათვალისწინებელი გაქვს).“

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა (1:1).
„რა დაგვაკლდა მოსაგებად? არაფერი, უბრალოდ, ასეთია ფეხბურთი. როგორც მოგება, ისე წაგება შეგვეძლო. ორივე შედეგი მოსალოდნელი იყო“ - განაცხადა მან ერთ-ერთ პორტუგალიურ ტელეარხთან საუბარში.
მოგვიანებით რონალდუმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს მიმართა. „ეს ისეთი სტარტი არ იყო, რომელსაც ვისურვებდით, მაგრამ ჯერ დასასრულამდე შორია. უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ“.
ცნობისთვის, პორტუგალიამ მეტოქის კარის ჩარჩოში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც შეხვედრის დებიუტში, მე-6 წუთზე, რაც ჟოაუ ნევეშის გოლით დასრულდა. პირველი ტაიმის მიწურულს, კონგომ ანგარიში იოანე ვისას გოლით გაათანაბრა და საბოლოოდ, დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.