რთული გამარჯვება! - ბოლქვაძე AUS OPEN-ის საკვალიფიკაციოს მე-2 წრეში გავიდა
Aa
Aa

რთული გამარჯვება! - ბოლქვაძე AUS OPEN-ის საკვალიფიკაციოს მე-2 წრეში გავიდა

მარიამ ბოლქვაძემ ავსტრალიის ღია პირველობის 2021 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 626-ე ჩოგანს, ინდოელ კარმან ტანდის ორ სეტში - 7:6; 7:6 მოუგო.

როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, მარიამს საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწია. მან გადამწყვეტი უპირატესობა ვერც ერთ სეტში მოიპოვა და გამარჯვებული ორივე შემთხვევაში ტაიბრეიკმა გამოავლინა. ორივე მათგანი ბოლქვაძემ 7:4-ით დახურა.

ბოლქვაძემ 2 ეისი მოაწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პირველ მოწოდებაზე 47-დან 21 (45%), ხოლო მეორეზე 39-დან 17 ქულა (44%) მოიგო. 11-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისმა მეტოქემ კი 10-დან ასევე 7.

ქართველი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 წრეში, რუს მარგარიტა გასპარიანს შეხვდება. 26 წლის გასპარიანი ამჟამად მსოფლიოს 125-ე ჩოგანია.

AUS OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი, ეკო გორგოძე ასპარეზობდა. მან პირველსავე წრეში ხორვატ იანა ფეტთან 3:6; 3:6 წააგო და გათამაშებას დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე WTA-ის ამჟამინდელ რეიტინგში 192-ე ადგილზეა, ეკო გორგოძე კი 217-ე პოზიციაზე იმყოფება, სოფია შაფათავა - 385-ეა, მარიამ დალაქიშვილი 844-ე, ხოლო ზოზია ქარდავა, სალომე მიქაძე და ანა მაქაცარია 1000-ეულს მიღმა არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები