შესვენებამდე ერთადერთი იყო, ვინც გამწვავებას ცდილობდა | ფრანგული მედია კვარაზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურში, „სტრასბურგთან’’ გასვლით მატჩში, პარიზული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნა. „სტრასბურგი'' 1:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა თამაში შემოატრიალეს - 1:3.
ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა, რაც „სტრასბურგთან'' მატჩშიც გამოჩნდა. ფრანგული მედია მის თამაშს საკმაოდ კრიტიკულად აფასებს. რთულია ამ მომენტში მის თამაშთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი გქონდეს, თუმცა ქართველ შემტევს რთული პერიოდი წარსულშიც ჰქონდა და გადალახა, ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისგან პსჟ-სა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გაცილებით მეტს ელიან.
L'Équipe: „საჯარიმოში დრო ფერნანდესისკენ გაკეთებული გადაცემის გარდა საკუთარი თავის აჩრდილი იყო. ქართველმა ვერ გამოიყენა მის განკარგულებაში არსებული რამდენიმე სიტუაცია (როცა მეტოქესთან ერთი-ერთზე იყო), რათა მცირედი განსხვავება მაინც შეექმნა. 63-ე წუთზე მან ადგილი უსმან დემბელეს დაუთმო, რომელმაც დუეს მიერ მოპოვებული პენალტი ააცილა, თუმცა საბოლოოდ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა საგოლე გადაცემითა და გატანილი გოლით.“
სტატიაში ნახსენები მომენტი, როცა ხვიჩამ პასი დრო ფერნანდესის მისამართით გააკეთა.
Maxifoot: „ქართველმა ყველაფერი იდეალურად ვერ გააკეთა, რამდენიმე ორთაბრძოლა წააგო, თუმცა პირველ ტაიმში ის ერთადერთი შემტევი იყო პარიზელთა შორის, ვინც ბურთით სიტუაციის გამწვავებას, სხვაობის შექმნას ცდილობდა. მიუხედავად ამისა, მისი თამაში იმედგამაცრუებელი გამოვიდა. 63-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა, რომელმაც პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მოგვიანებით თავისი შეცდომა გამოისყიდა — საგოლე გადაცემით, გატანილი გოლით და პარიზელთა მესამე გოლის შეტევაში მონაწილეობით''.
Footmercato: „ლე მანთან'' გატანილი გოლი მისთვის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი იყო. ოთხშაბათის საღამოსგან განსხვავებით (ჩემპიონთა ლიგაზე „მან. სიტისთან'' მატჩი იგულისხმება), ქართველი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ხშირად ბურთს ზურგით კარისკენ იღებდა და ორმაგი მეურვეობის ქვეშ ექცეოდა. მარცხენა ფლანგზე რამდენიმე ეპიზოდური გაელვება ჰქონდა, თუმცა ბრწყინვალებით არ გამოირჩეოდა. ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა იმით, რომ მის მიერ დაკარგულ ბურთს „სტრასბურგის“ გოლი მოჰყვა. მისი კალიბრის მოთამაშისთვის ასეთი თამაში საკმარისი არაა. 63-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა, რომლის პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა მან თავი მშვენივრად გამოსყიდა: საგოლე პასი შეასრულა, გოლი გაიტანა და მესამე გოლისას, დუეს გოლის შექმნაში მონაწილეობდა''.
პსჟ-მ შვიდ მატჩში 14 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა, თუმცა პირველადგილოსან „მონაკოს'' აქტივშიც ამდენივე ქულაა, პსჟ-სთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა.
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ შვიდივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ლუის ენრიკეს როტაციაში ჰყავს, პირველი ტურიდან მოყოლებული მისი სათამაშო დრო ასე გადანაწილდა: პირველი ტური: 45 წუთი, მეორე ტური: 45 წუთი, მესამე ტური: 68 წუთი, მეოთხე ტური: 66 წუთი, მეხუთე ტური: 59 წუთი, მეექვსე ტური: 31 წუთი, მე-7 ტური: 63 წუთი.
შვიდ მატჩში ხვიჩას აქტივში ორი საგოლე მოქმედებაა, მე-3 ტურში „მონაკოსთან“ საგოლე გადაცემა მიითვალა, მე-6 ტურში „ლე მანთან“ ცვლილებაზე შევიდა და გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ლიგის ფაზის 2 მატჩიდან ორივეში სკამზე იჯდა, „სლოვანთან'' არ უთამაშია, „მან. სიტისთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს