გოლი ჩემპიონატის ლიდერთან - ტაბატაძის შედეგიანი დაბრუნება
თომა ტაბატაძე წლების განმავლობაში უზბეკეთის ჩემპიონატში სხვადასხვა კლუბების ღირსებას იცავს და თამამად შეიძლება იმის თქვა, რომ როგორც „კოკანდ 1912“-ში უჭირს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, ისე არსად არ გასჭირვებია ამის გაკეთება. 11-მატჩიანი პაუზის შემდეგ, 34 წლის ქართველ ფორვარდს მთავარმა მწვრთნელმა ნდობა გამოუცხადა, ძირითადში დააყენა და თომამაც გაცემული ავანსები გაამართლა.
სუპერლიგის 24-ე ტურში „კოკანდმა“ ჩემპიონატის ლიდერს, „ნეფთჩი ფარგონას“ უმასპინძლა და 2:4 დამარცხდა. მე-11 წუთზე ანგარიში სწორედ ტაბატაძემ გახსნა, რომელმაც თავური დარტყმით აიღო სტუმართა კარი და გატანილი გოლი არ აღნიშნა, რადგან „ნეფთჩის“ ღირსებას ის ორჯერ, 2023 და 2025 წლებში იცავდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, სტუმრებმა ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს და სხვათა შორის, მათ რიგებში დუბლი თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფორვარდმა, სერბმა ზორან მარუშიჩმა შეასრულა.
ცნობისათვის, თომა ტაბატაძე „კოკანდის“ მთავარმა მწვრთნელმა 62-ე წუთზე შეცვალა, მისმა თანამემამულემ შოთა გვაზავამ მოედანი 82-ე წუთზე დატოვა, ხოლო ანდრო გიორგაძე ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა. აქვე გეტყვით, რომ ტაბატაძესთვის ეს მიმდინარე სეზონში რიგით მე-4 გოლი იყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს