კიოლნის 20-მატჩიანი სერია | ლოჩოშვილის გუნდი აინტრახტთან დამარცხდა
გერმანიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი ბურთი საკმარისი აღმოჩნდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა. „აინტრახტის“ ფეხბურთელებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს და სტუმრების კარი იუნეს ებნუტალიბმა აიღო. „კიოლნს“ ძალიან ცუდი სერია აქვს და ბუნდესლიგის ფარგლებში, გოლი ზედიზედ მეოცე შეხვედრაში გაუშვა. ბოლოს „კიოლნმა“ კარი მშრალად 30 იანვარს, „ვოლფსბურგთან“ შეინახა.
ლოჩოშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-40 წუთზე, ლუკას მონაწილეობით მცირე ინციდენტი მოხდა. საჯარიმო დარტყმის შემდეგ ლილიან ბრასიემ ქართველ ფეხბურთელს ხელი სახეში მოარტყა და ლუკა მინდორზე დაეცა. გაბრაზებული ბრასიე მასთან მივიდა და ზურგზე ხელი დაარტყა, რასაც ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მალევე განიმუხტა.
„აინტრახტთან“ მატჩში ლოჩოშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: 41-დან 35 ზუსტი პასი, 59 შეხება, 3 ჩაჭრა, 7 განმუხტული მომენტი, 9-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 4 ჯარიმა.
ცნობისთვის, „კიოლნს“ 7 ქულა აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციას იკავებს. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 24 ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „შალკეს“ დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს