Aa Aa
4 დეკემბერი 2020  |  11:00

ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი - ქართველი სპორტსმენი კანადაში დააფასეს

კანადაში საქართველოს საელჩოსა და ვანკუვერის ქართული დიასპორული ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, ვანკუვერის ცენტრალურ "სტენლის პარკში" 2010 წლის ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.

ვანკუვერის მერიის რეგულაციების შესაბამისად, ცნობილი და პოპულარული ვანკუვერელებისადმი მიძღვნილი მემორიალების მსგავსად, სტენლის პარკში განთავსებულ ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალსაც სპეციალური სკამის სახე აქვს,რომელზეც ნოდარისადმი მიძღვნილი წარწერაა გაკეთებული.

აღსანიშნავია,რომ ბოლო წლების განმავლობაში საელჩო, ვანკუვერის ქართულ დიასპორულ ორგანიზაციასთან ერთად, პატრონაჟს უწევს ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსა და პროექტებს, რომელის მიზანია კანადის საზოგადოებას გააცნოს ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელი და კანადის მოსახლეობაში საქართველოს ცნობადობა აამაღლოს.

შეგახსენებთ,რომ ვანკუვერში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მყოფი ქართველი მოციგავე, თამაშების ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათითი ადრე, სავარჯიშო დაშვების დროს დაიღუპა.

 უისტლერის ტრასაზე მოძრავმა ქუმარიტაშვილმა მოსახვევში მართვა დაკარგა, ბარიერზე შეჯახების შემდეგ კი, ციგიდან გადმოვარდნილი, ტრასის მიღმა კონსტრუქციას შეეჯახა.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქართველი ოლიმპიელი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს. ქუჩას კი, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მისი სახელი ეწოდა.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში მეოთხე სპორტსმენია, რომელიც თამაშებზე დაიღუპა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში