''დიეგოსთან შევედი: აბა ჩე გევარა რატომ გიყვარს მეთქი?'' - არველაძეების ისტორიები მარადონაზე
Aa
Aa

''დიეგოსთან შევედი: აბა ჩე გევარა რატომ გიყვარს მეთქი?'' - არველაძეების ისტორიები მარადონაზე

2008 წელს დიეგო არმანდო მარადონა თბილისს ეწვია. არგენტინელ და ქართველ ვეტერან ფეხბურთელებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა შოთა და არჩილ არველაძეებმაც მიიღეს. ''ტაიმაუტთან'' საუბარში ძმებმა დიეგოს სტუმრობა გაიხსენეს, როცა მარადონა სტადიონზე გამოსვლაზე უარს ამბობდა, რადგან ქართულმა მხარემ მისი ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმყოფილა.

შოთა არველაძე: ''ჩემი გამოსამშვიდობებელი მატჩი ახალი გამართული იყო და საორგანიზაციო საკითხები კარგად ვიცოდი. პატარქალიშვილი დამიკავშირდა და მესაუბრა. მისი თქმით თბილისში მარადონა უნდა ჩამოსულიყო. კანიჯას დავურეკე და მან მითხრა, რომ საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, თუმცა საუბარი მიდიოდა.

სტადიონის დირექტორი ირაკლი მეძმარიაშვილი იყო. მან დამირეკა და მითხრა, რომ გამერკვია მართლა ჩამოდიოდა თუ არა მარადონა. მოკლედ, თამაშამდე ცოტა ხნით ადრე კანიჯას დავურეკე, კიევში იყვნენ და თბილისში უნდა ჩამოსულიყვნენ.

თამაშზე არ გამოდიოდა. შემდეგ მე და აჩი შევედით დიეგოსთან. მასთან ერთად გოიკოეჩეა, კანიჯა და სხვებიც იყვნენ. გერმანიაში კი არ ჩახვედით-მეთქი, არგენტინელები ჩვენნაირი ხასიათის ადამიანები ხართ, ეს გაჭირვებული ხალხი რომ გაიგებს, თბილისში ჩამოხვედი და მოედანზე არ გამოხვედი... აბა ჩე გევარა რატომ გიყვარს მეთქი? წამოდი და არსენა მარაბდელის ძეგლს გაჩვენებ, მდიდარს რომ ართმევდა და ღარიბს აძლევდა... დიეგო დაგვთანხმდა და მოედანზე გამოვიდა''.

არჩილ არველაძე: ''თბილისის აეროპორტში მებაჟემ მარადონას დეკლარაციის შევსება მოსთხოვა. მარადონამ რა დეკლარაცია უნდა შევსოს? მილიონი რაღაც წერია, ნომერი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. მარადონამ დეკლარაცია არ შეავსო და დეკლარაციის ბოლოში მხოლოდ ხელი მოაწერა. შემდეგ მებაჟეს ვუთხარით, რომ მარადონაა და შევსება არ მოსთხოვოთ-მეთქი.

ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ მარადონა ჩამოვიდოდა''.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები