ჩემპიონობა წაუგებლად! - მედვედევმა შემაჯამებელი მოიგო და ისტორია დაწერა!
Aa
Aa

ჩემპიონობა წაუგებლად! - მედვედევმა შემაჯამებელი მოიგო და ისტორია დაწერა!

დასრულდა 2020 წლის ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი დომინიკ ტიმსა და დანილ მედვედევს შორის. რუსმა ჩოგბურთელმა ავსტრიელი სამ სეტში 4:6 7:6 6:4 დაამარცხა და კარიერაში პირველად დაეუფლა ამ პრესტიჟულ ტიტულს.

მედვედევმა ტურნირზე ყველა მატჩი მოიგო, მათ შორის ნოვაკ ჯოკოვჩსა და რაფაელ ნადალსაც აჯობა, ტიმთან გამარჯვებით კი ისტორიაში შევიდა. საქმე ისაა, რომ დანილი ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველი, მეორე და მესამე ჩოგანი დაამარცხა.

რაც შეეხება ფინალს, დომინიკმა პირველი სეტი უნაკლოდ ჩაატარა და რუსი მეტოქე 1 ბრეიკიანი უპირატესობით 6:4 დაამარცხა. მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე იდეალურად თამაშობდნენ და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. მედვედევმა ტაიბრეიკი კარგად ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მესამე სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მოთამაშეებს მცირე დაღლილობა ეტყობოდათ. საბოლოოდ დანილმა შეძლო მეტოქის დაბრეიკება და 2020 წლის ლონდონის შემაჯამებლის ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა. ამისთვის კი მან დამატებითი 1500 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა აქტივში. მატჩი 2 საათი და 44 წუთი გრძელდებოდა.

ნიკალაი დავიდენკოს შემდეგ მედვედევი პირველი რუსია, რომელმაც შემაჯამებელ ტურნირზე გაიმარჯვა. დავიდენკომ ეს 2009 წელს გააკეთა და მედვედევმა იგი, როგორც მისი შთაგონების ერთ-ერთი წყარო, საჩემპიონო სიტყვაში მოიხსენია.

ამრიგად, დანილ მედვედევი 8470 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-4 ჩოგანი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემაჯამებლის ფინალში დომინიკ ტიმი სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა, მედვედევი კი ჯგუფში ჩარჩა. ჯერჯერობით ავსტრიელ ჩოგბურთელს შემაჯამებელი ტურნირისა და დიდი სლემების ფინალებში არ უმართლებს.

აღსანიშნავია, რომ წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში ბოლოჯერ გაიმართა და ის მომავალი წლიდან იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები