„მძიმე ტესტი მელის
Aa
Aa

„მძიმე ტესტი მელის" - დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა საქართველოს პირველ არხს ინტერვიუ მისცა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. დვალიშვილმა განაცხადა, რომ მისი მომდევნო მეტოქე რაონი ბარსელოსი იქნება და აღნიშნა, რომ ურთულესი ბრძოლა ელის.

„რაონი ძალიან ძლიერია. ჩემი აზრით, ის ალჯამეინ სტერლინგისა და კორი სანდჰაგენის შემდეგ, ჩვენი დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლია. შემეძლო ამ ბრძოლაზე უარი მეთქვა, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, მიმაჩნია, რომ ბარსელოსი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია და მსურს დავამტკიცო, რომ ყველაფრისთვის მზად ვარ. სწორედ ამიტომ დავთანხმდი ამ რთულ გამოწვევას.

სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე ტესტი მელის და ისეთივე იოლ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებ, როგორც გასულ 5 ბრძოლაში, თუმცა, როგორც ყოველთვის, ბოლომდე მჯერა საკუთარი შესაძლებლობებისა და ძალების, და დარწმუნებული ვარ, შევძლებ წარმატების მიღწევას. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ბრძოლას მხოლოდ ყოფილ ჩემპიონთან ან ტოპ 5-ის მებრძოლთან დავთანხმდები.

რთული ტესტი მაქვს გასავლელი და მხოლოდ რაონისთან ბრძოლაზე ვარ კონცენტრირებული. შემდეგ კი სიამოვნებით გავიზიარებდი ოქტაგონს ტი ჯეი დილაშოუსთან, დომინიკ კრუზთან, ფრენკი ედგართან, კოდი გარბრენდტთან ან ჟოზე ალდოსთან“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 5 გამარჯვება აქვს და ბოლოს ჯონ დოდსონს სძლია. ბარსელოსს რაც შეეხება, მის ანგარიშზე 16 მოგება და მხოლოდ 1 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები