Aa
Aa

დესტი: „სახე გამინათდა, როცა მესი დავინახე"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა, სერჟინიო დესტმა ლიონელ მესისთან პირველი შეხვედრისა და „ბლაუგრანას“ შესახებ ისაუბრა. ამერიკელი ფეხბურთელი CBS Sports-ს ელაპარაკა და განაცხადა, რომ ნელ-ნელა ყველაფერს ეგუება.

„პირველად, როცა მესი ვნახე, ის სპორტდარბაზში იმყოფებოდა. მახსოვს, შევედი, მარჯვნივ გავიხედე და ლეო დავინახე. სახე გამინათდა და ჩემს თავს ვუთხარი: „ვაუ, ჩემ გვერდით ლიონელ მესი დგას“.

ლეოს მხარდამხარ თამაში, მისთვის ბურთის გადაწოდება და მისგან პასის მიღება განსაკუთრებული რამაა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ასპარეზობა ნამდვილად უნიკალური შეგრძნებაა.

ბარსელონას რაც შეეხება, ბარსა მსოფლიოში უდიადესი და ჩემი საოცნებო კლუბი გახლავთ. აქ გადმოსვლით ოცნება ამიხდა. ვიცოდი, რომ კუმანი სათამაშო დროს მომცემდა, რადგან მას ჩემი ნიდერლანდების ნაკრებში ხილვა სურდა.

ჩვენ ვისაუბრეთ და კლუბთან მიმართებით კარგი დამოკიდებულება მაქვს. განსაკუთრებით იმის გამო, რომ ბარსამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ახალი პროექტი დაიწყო. ეს ჩემთვის იდეალური გამოცდილება იქნება“.

შეგახსენებთ, რომ დესტმა „კამპ ნოუს“ „აიაქსიდან“ მიაშურა და კატალონიელებმა მის სანაცვლოდ 21 მილიონი ევრო გადაიხადეს. ამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბს საკუთარი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირდა და „ბარსელონას“ ქომაგთა სიმპათიები უკვე დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები