სენსაცია როტერდამში - ლოჩოშვილის გუნდმა ფეიენორდი გაანადგურა
Aa
Aa

სენსაცია როტერდამში - ლოჩოშვილის გუნდმა ფეიენორდი გაანადგურა

უეფას ევროპა ლიგის 2019-20 წლების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში როტერდამის ''ფეიენორდი'' საკუთარ კედლებში, ''დე კუიპზე'' ავსტრიულ ''ვოლფსბერგერთან'' 1:4 განადგურდა.

გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი მოხვდა, რომელმაც კარგი მატჩი ჩაატარა. მას Sofascore-მა 6,9 დაუწერა, Whoscored-მა კი - 6,8. 

22 წლის ლოჩოშვილი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გაშვებულ გოლში მას ვერ დავადანაშაულებთ, პოზიციურად სწორად იდგა, თუმცა მის თანაგუნდელებს სტივენ ბერგუისმა აჯობა და ე.წ. პრესტიჟის გოლი შეაგდო.

ლოჩოშვილი ავსტრიულ გუნდში 44-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს

საწყის 13-წუთიან მონაკვეთში ლოჩოშვილის გუნდის სასარგებლოდ 2 პენალტი დაინიშნა, ორივე დარტყმა მიხაელ ლინდლიმ გოლად აქცია და დიკ ადვოკატის გუნდი უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა.

54-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა ბერგიუსის გოლის შემდეგ ლინდლიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში პენალტის ნიშნულიდან სერბმა დეიან იოველიჩმა დააფიქსირა. ასე რომ ლოჩოშვილის გუნდმა 4 გოლიდან 3 პენალტით შეაგდო. 

იხილეთ ფეიენორდი-ვოლფსბერგერის მატჩის ვიდეომიმოხილვა

2 ტურის შემდეგ K ჯგუფში ''ვოლფსბერგერი'' 4 ქულით პირველ ადგილზეა, ავსტრიულმა გუნდმა პირველ ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ფრედ 1:1 ითამაშა. რუსული გუნდის წინააღმდეგ ლოჩოშვილმა მაღალ დონეზე იასპარეზა, Sofascore-მა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, 7,3 დაუწერა და ორივე გუნდის მხრიდან მხოლოდ თანაგუნდელ მიხაელ ლინდლისა და ცსკა-ს ნიგერიელ შემტევს, ჩიდერა ეჯუკეს ვერ აჯობა.

მესამე ტურში ''ვოლფსბერგერი'' ზაგრებში ''დინამოს'' დაუპირისპირდება. მატჩი 5 ნოემბერს შედგება. ხორვატულმა გუნდმა საწყის ორ ტურში 2 ქულა მოიპოვა. ანალოგიურად 2 ქულაა ცსკა-ს ანგარიშზე, ხოლო ''ფეიენორდი'' 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

შეგახსენებთ, ლოჩოშვილი ავსტრიულ გუნდს მიმდინარე სეზონში შეუერთდა და გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი მცირე დროში დაიმკვიდრა. მისი ქართველი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე გუნდთან ერთად ვარჯიშს უახლოეს დღეებში დაიწყებს, მან ტრავმა ბოლომდე მოიშუშა და სარეაბილიტაციო პროცესს ამთავრებს.

ფოტო: gettyimages, rzpelletswac.at

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები