„ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ ფრანგების გარეშე“ - ყოფილი პრემიერის სკანდალური განცხადება
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და სპორტის ნომერ პირველი სახეობის გულშემატკივრებს ნახევარფინალში საოცარი დაპირისპირებების ხილვა მოუწევს. ერთ-ერთი მათგანი საფრანგეთი-ესპანეთია, სადაც თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ბევრი უდავო ფავორიტად „სამფეროვნებს“ ასახელებს, თუმცა ესპანელებს რომ წარმატების დიდი იმედი აქვთ, ამაზე ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიანო რახოის კომენტარიც მეტყველებს, რომელსაც ცოტა არ იყოს რასისტული შინაარსის მოსაზრების გამოთქმაც მოუწია, რასაც სავარაუდოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება.
მარიანო რახოი
ჩვენ ნახევარფინალში ვართ და საბოლოო მიზნის მიღწევამდე არცთუ ისე ბევრი დაგვრჩა. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბელგიამ 2018 წლის მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში სწორედ ამ გუნდმა დაგვამარცხა და დიეგო მარადონას არგენტინასთან ნახევარფინალში ასპარეზობის საშუალება მოგვისპო. ასე რომ, მათი ძლევა იოლი საქმე არ ყოფილა და ერთგვარად რევანშიც ავუღეთ.
ბელგიელებთან „ფურია როხას“ ორი მიზეზის გამო ვგულშემატკივრობდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ ესპანელი ვარ და მეორე იმის გამო, რომ ბელგიელებს „წითელ ეშმაკებს“ ეძახიან, მე კი არც ეშმაკი მიყვარს და არც წითელი ფერი, გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც ის ესპანეთის ნაკრებს აცვია. ახლა წინ ფრანგებთან ნახევარფინალია. ტურნირზე ოთხი გუნდი დარჩა და მათ შორისაა სელესიონი. არ დაგავიწყდეთ, რომ ფინალურ ეტაპზე 48 ქვეყანა იყო, ხოლო შესარჩევ ციკლში 211 მონაწილეობდა. ამიტომაც, როგორც არ უნდა მორჩეს ნახევარფინალი, 211-დან ოთხ საუკეთესოს შორის რომ მოხვდით, ეს უკვე საოცარი შედეგია.
არ უნდა დავივიწყოთ, რომ საფრანგეთი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია და წინა მუნდიალზე ფინალში გავიდა. წინ ურთულესი მეტოქე გველის, რომელსაც საოცარი შემადგენლობა ჰყავს, ოღონდ ფრანგების გარეშე. რა უნდა ქნას ესპანეთმა მათ დასამარცხებლად? ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. სამაგიეროდ მაქვს კარგი წინათგრძნობა და ინტუიცია მკარნახობს, რომ ფინალში გავალთ.
შეგახსენებთ, რომ მარიანო რახოის, რომელიც ამჟამად 71 წლისაა, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2011 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 1 ივნისამდე ეკავა და მისი პრემიერობის პერიოდში 2012 წელს ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთი-ესპანეთის ნახევარფინალური დაპირისპირება სამშაბათს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.