გიორგის გარეშე - ჩაკვეტაძე ევროპის ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა
Aa
Aa

გიორგის გარეშე - ჩაკვეტაძე ევროპის ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა

ჩემპიონთა ლიგასთან ერთად, რა თქმა უნდა, ევროპის ლიგაც დაბრუნდა. ხვალ 22 ოქტომბერს ხსენებული გათამაშება სტარტს აიღებს. ევროპის ლიგაზე ბელგიური გენტი ასპარეზობს, რომელშიც ქართული ფეხბურთის იმედი გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხება. სამწუხაროდ მწვრთნელმა ქართველი ამომავალი ვარსკვლავი განაცხადში არ შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ დაზიანება ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამოს" წინააღმდეგ მიიღო, თუმცა გიორგი "გენტს" 4 ოქტომბერს დაუბრუნდა და "ბეერსხოტის" წინააღმდეგ მატჩში 61-ე წუთზე გამოვიდა.

21 წლის ფეხბურთელი 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარა. მოგვიანებით კი ლევან კობიაშვილმა ახსნა, თუ რატომ ითამაშა გიორგიმ "ბეერსხოტის" წინააღმდეგ. ლევანის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებდა, მაშინ ტრავმის გამო საქართველოში არ გამოუშვებდნენ. მას კი ძალიან სურდა ნაკრებთან ერთად ყოფნა.

აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩაკვეტაძემ ძალიან გარისკა, როდესაც "ბეერსხოტთან" თამაში გადაწყვიტა. დღეს კი მისი განაცხადში არ შეყვანის მიზეზი კვლავინდებურად ტრავმა არის, რომელიც დიდი ხანია ვერ მოირჩინა და დიდი ალბათობით 4 ოქტომბერს გამართულ მატჩში გაიმიზეზა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველ ტურში "გენტი" სტუმრად "ლიბერეცს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები