Aa
Aa

"მადლობა, მაგრამ მე თავდამსხმელი ვარ" - ეტოომ France Football გააკრიტიკა

France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტებით ოცნების გუნდი დაასახელა და "ბარსელონასა" და "კამერუნის" ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სამუელ ეტოო მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გაამწესა. ეს ამბავი კი თავად ეტოოს არ გახარებია.

"მადლობა, მაგრამ მე თავდამსხმელი ვარ. 25 წლის განმავლობაში მხოლოდ 2 სეზონი ვთამაშობდი მარჯვენა გარემარბად. ეს ჩემთვის უპატივცემულობაა." - განაცხადა სამუელმა

აღსანიშნავია, რომ ეტოოს ძალზედ მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა. კამერუნელი პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს მადრიდის "რეალის" აკადემიაში დგამდა, მაგრამ ძირითად გუნდში მან მხოლოდ 3 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და ამის შემდეგ ის კლუბიდან გაუშვეს.

"ბლანკოსის" შემდეგ ეტოოს ცხოვრებაში "მალიორკას" ჯერი დადგა, სადაც მან 4 სეზონის განმავლობაში 165 მატჩი ჩაატარა და 70 გოლი გაიტანა.

მისი კარგი შედეგი "ბარსელონას" სკაუტებმა შეამჩნიეს და სათამაშოდ "ბარსელონაში" გადაიყვანეს. ეტოომ "ბლაუგრანას" ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ჩაატარა 199 შეხვედრა და 130 გოლი გაიტანა. მოიგო 3 ლა ლიგა და ორი ჩემპიონთა ლიგა.

პეპ გუარდიოლას მოსვლიდან 1 წელიწადში ეტოოს ბარსელონური კარიერა აირია და კამერუნელი "ინტერში" გადაბარგდა, სადაც მან პირველივე წელს ჟოზე მოურინიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. "ნერაძურის" შემადგენლობაში მან 102 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა.

სამუელ ეტოომ მისი კარიერის განმავლობაში საოცარი ციფრები დააფიქსირა. 764 მატჩი და 371 გატანილი გოლი. 2019 წელს ვეტერანმა თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა ყატარში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები