„ქართველი ბავშვებისთვის მაგალითი ვარ და ამით ვამაყობ“ - ხვიჩას კვარადონა ყველაზე მეტად მოსწონს
რაც უფრო ახლოვდება „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია, მით უფრო მეტად იზრდება ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზის მოგების ერთ-ერთ კანდიდატად სრულიად დამსახურებულად ითვლება. ხვიჩას ამჯერად ასეთი შეკითხვა დაუსვეს, ხომ არ გრძნობს ზედმეტ ზეწოლას იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში საქართველოს სახედ ითვლება და უამრავი ბავშვისთვის მისაბაძ ადამიანად მიიჩნევა.
ხვიჩა კვარაცხელია
ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ქართველი ბავშვებისთვის ეტალონი ვარ, თუმცა რა თქმა უნდა, ეს დამატებით ზეწოლასთან ასოცირდება. წარმოიდგინეთ, მოედანზე ნებისმიერი გასვლის დროს, ისინი ჩემს ნებისმიერ მოძრაობას და ნებისმიერ ქცევას აკვირდებიან. მე პატარა ქვეყნიდან ვარ, მაგრამ წარმატებას მივაღწიე, რის გამოც სამაგალითოდ მიმიჩნევენ. მე მათ ვაჩვენე, რომ თუ ოცნება აქვთ, მისი ასრულება შეუძლებელი არ არის. რომელი მეტსახელი მომწონს ყველაზე მეტად? კვარადონა. ვამაყობ, რომ „ნაპოლიში“ ასპარეზობის დროს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან გაავლეს პარალელი. მარადონასთან არავისი შედარება არ შეიძლება, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო იყო“.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში გამართულ 5 შეხვედრაში თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 25 წლის ქართველმა ერთხელ თავი ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ (2:1) მატჩში გამოიჩინა და „პარი სენ-ჟერმენს“ მორიგი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ხოლო „მონაკოსთან“ (1:2) საშინაო თამაშში მისი გუნდის მარცხის მიუხედავად, ასისტის ავტორი კვარა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.