Aa
Aa

ლეიკერსი ჩემპიონია! - ლებრონი სუპერფინალური სერიის MVP გახდა!

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონია. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში „მაიამი ჰიტი“ 106-93 დაამარცხეს და „ლეიკერსს" მე-17 საჩემპიონო ბეჭედი მოუტანეს.

ფრენკ ვოგელის გუნდმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და კითხვის ნიშნები არ დაუტოვებია. ლოს-ანჯელესელებმა პირველი ნახევარი 28 ქულით მოიგეს და კომფორტული უპირატესობის საფინალო სირენამდე შენარჩუნება არ გასჭირვებიათ.

სუპერფინალური სერიის MVP ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც სარეკორდო, 260-ე საპლეიოფო მატჩი 28 ქულით, 14 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. „მეფემ“ აღნიშნული ჯილდო კარიერაში მეოთხედ დაისაკუთრა და პირველი კალათბურთელია, ვინც სუპერფინალების MVP 3 სხვადასხვა გუნდში გახდა. გარდა ამისა, ლებრონმა მეჯიქ ჯონსონს, ტიმ დანკანსა და შაკილ ონილს გადაასწრო და კარიერაში მოპოვებული სუპერფინალების MVP-ის რაოდენობით მხოლოდ მაიკლ ჯორდანს ჩამორჩება.

ჯეიმსს 19 ქულით, 4 მოხსნითა და ამდენივე ასისტით რაჟონ რონდო დაეხმარა, რომელიც პირველია, ვინც საჩემპიონო ბეჭედი როგორც „ბოსტონის“, ისე „ლეიკერსის“ რიგებში დაისაკუთრა. ენტონი დევისმა 19 ქულა, 15 მოხსნა და 3 ასისტი გაიფორმა. კალდუელ-პოუპი 17 ქულით გამოირჩა, ხოლო დენი გრინი 11 ქულას დასჯერდა.

„მაიამის“ რიგებში 25 ქულით საუკეთესო ბემ ადებაიო იყო. ჯეი კრაუდერმა და ჯიმი ბატლერმა 12-12 ქულა გაიფორმეს. დანკან რობინსონის ანგარიშზე კი 10 ქულა და 3 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ცნობისთვის, 1962 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ლეიკერსი“ და „ბოსტონი“ NBA-ის ტიტულების რაოდენობით თანაბრად არიან. 1980 წლის შემდეგ კი, „ლეიკერსი“ ჩემპიონი ზუსტად იმდენჯერ გახდა, რამდენჯერაც დასავლეთ კონფერენციის სხვა გუნდები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები