პანენკამ რეანიმაცია დატოვა - ლეგენდარული ჩეხის მდგომარეობა სტაბილურია
Aa
Aa

პანენკამ რეანიმაცია დატოვა - ლეგენდარული ჩეხის მდგომარეობა სტაბილურია

ლეგენდარულმა ჩეხმა ფეხბურთელმა, ანტონინ პანენკამ რეანიმაცია დატოვა. ამ ინფორმაციას ჩეხური კლუბი, „ბოჰემიანსი“ ავრცელებს, რომლის პრეზიდენტიც სწორედ პანენკა გახლავთ.

„ბოჰემიანსს“ განვითარებული მოვლენების შესახებ პანენკას მეუღლემ შეატყობინა და კლუბთან საუბრისას განაცხადა: „გვინდა, საავადმყოფოსა და ექიმებს იმ უმაღლესი დონის მკურნალობისთვის, რომელიც ჩემს მეუღლეს აღმოუჩინეს, მადლობა გადავუხადოთ. დღეს, მას პრაღაში გადავიყვანთ, სადაც იგი თავისი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

პანენკას მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირს და ძლიერად ახველებს. როცა კლინიკაში გადაიყვანეს, მის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ დღეს თავად მითხრა, რომ ბრძოლას არ შეწყვეტს და ვირუსს დაამარცხებს. სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული ვარ. ის წლებია ჩემი მეუღლეა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ უცხოეთში ასე ძალიან უყვარდათ“.

ჩეხური გამოცემები საავადმყოფოში მომუშავე წყაროს კომენტარსაც ავრცელებენ, რომელიც ამბობს, რომ პანენკას მდგომარეობა სტაბილურია და ოჯახის წევრებსაც ეკონტაქტება, თუმცა თავს სუსტად გრძნობს და ჭამა ძალიან უჭირს.

შეგახსენებთ, რომ პანენკას რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. მას თანმხლები დაავადებებიც აწუხებს და რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები