Aa
Aa

ლეიკერსის დომინაცია და მაიამის კატასტროფული საღამო - პირველი გამარჯვება ლებრონის გუნდმა მოიპოვა

NBA-ის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ გამარჯვებით დასრულდა. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ შესანიშნავად იასპარეზეს, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და დამაჯერებლად, 116-98 იმარჯვეს.

მატჩი „მაიამის“ უპირატესობით დაიწყო და „ჰიტი“ პირველი მეოთხედის შუაწელს 13 ქულით იგებდა, თუმცა „ლეიკერსი“ შეხვედრაში მალევე დაბრუნდა და საწყის თორმეტწუთეულში მეტოქეს 3 ქულით აჯობა. მეორე მეოთხედში „ლეიკერსმა“ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და პირველი ტაიმი 17 ქულით მოიგო. დასკვნით ნახევარში „ჰიტმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფლორიდელებს კატასტროფული საღამო ჰქონდათ.

უშანსო მარცხთან ერთად, „მაიამის" კალათბურთელებმა, ბემ ადებაიომ და გორან დრაგიჩმა ტრავმები მიიღეს. სლოვენიელმა გამთამაშებელმა პლანტარული ფასცია (მყესი რომელიც აკავშირებს ქუსლს და ფეხის თითებს) გაიწყვიტა და სავარაუდოდ, ფინალურ სერიაში ვეღარ ითამაშებს. ადებაიოსთვის ჩატარებულმა ტესტმა სერიოზული დაზიანება არ აჩვენა, თუმცა მისი დაბრუნების თარიღი უცნობია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე მეოთხედში ჯიმი ბატლერმა კოჭი გადაიტრიალა, მაგრამ მეორე ტაიმის სტარტზე პარკეტზე გახლდათ

„ლეიკერსმა“ მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობა. „მაიამიმ“ კი ენტონი დევისს ვერაფერი მოუხერხა. „ეიდი“ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და მატჩი 34 ქულით, 9 მოხსნით, 5 ასისტითა და 3 დაფარებით დაასრულა. ლებრონ ჯეიმსს სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 25 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი. კენტავიუს კალდუელ-პოუპი 13 ქულას დასჯერდა, ხოლო დენი გრინი და ალექს კარუსო 11 და 10 ქულით გამოირჩნენ.

„მაიამის“ 23 ქულით ჯიმი ბატლერმა ულიდერა. კენდრიკ ნანმა 18 ქულა დააგროვა. ტაილერ ჰირომ აქტივში 14 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯეი კრაუდერმა თავი 12 ქულას მოუყარა.

ცნობისთვის, „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 3 ოქტომბერს, თბილისის დროით 05:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები