Aa
Aa

"გაგვიმართლა, რომ მოურინიო იქ არ იყო" - სულშერი პორტუგალიელს ეხუმრა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "ბრაიტონი" დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დაამარცხა. ბრუნო ფერნანდეშმა გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის მე-100 წუთზე გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა, ჟოზე მოურინიოზე იხუმრა. ინფორმაციას სპორტული გამოცემა "ექსპრესი" ავრცელებს.

"გაგვიმართლა, რომ ჟოზე იქ არ იყო, რადგან ის აუცილებლად გაზომავდა ყველა იმ გოლის მილიმეტრს და სანტიმეტრს, რომლებიც ჩვენ გავიტანეთ." - განაცხადა სულშერმა

ეს ხუმრობა პორტუგალიელი სპეციალისტის კომენტარმა გამოიწვია. ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო მატჩის შემდეგ, სადაც "ტოტენჰემი" სტუმრად "შკენდიას" დაუპირისპირდა, ჟოზემ განმარტა, რომ სტადიონზე კარი სტანდარტულ ზომასთან შედარებით 5 სანტიმეტრით დაბალი იყო. ამის შემდეგ ორგანიზატორებმა მინდორზე ახალი კარი დაამონტაჟეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მატჩი. ის თამაში საბოლოოდ "დეზებმა" 1:3 გაიმარჯვეს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, როგორც უკვე მოგახსენეთ "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვება მძიმე ბრძოლაში მოიპოვეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ მე-100 წუთზე არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა გოლად აქცია. 

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სულშერის შეგირდები მორიგ შეხვედრას 4 ოქტომბერს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 19:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები