„ხანდახან ცვლილებები საჭიროა... მწვრთნელს ჩემი იმედი არ ჰქონდა
Aa
Aa

„ხანდახან ცვლილებები საჭიროა... მწვრთნელს ჩემი იმედი არ ჰქონდა" - სუარესის ბოლო პრესკონფერენცია ბარსაში

ლუის სუარესმა „ბარსელონას“ ფეხბურთელის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა და კლუბსა და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა. „ელ პისტოლერომ“, რომელიც კარიერას „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, „ბლაუგრანაში“ გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა და ემოციები ვერ შეიკავა...

„ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან რთულია და სიმართლე გითხრათ, არაფერი მომიმზადებია... პირველ რიგში, მინდა, კლუბს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ შეცდომის მიუხედავად, რომელიც ბარსელონაში გადმოსვლამდე დავუშვი, ნდობა მაინც გამომიცხადა (კიელინისთან მომხდარ ინციდენტს გულისხმობს). ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმ დამოკიდებულებისა და მოპყრობის გამო, რომელიც ბარსაში მივიღე.

2014 წლიდან მოყოლებული ბლაუგრანას ჩემი ყოველთვის სჯეროდა და აქ უამრავ მეგობარს ვტოვებ. მინდა, გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისთვისა და დაფასებისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენდნენ. ეს არასდროს დამავიწყდება. მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები. ბარსელონას ჩემი სახით ერთი ქომაგი ყოველთვის ეყოლება.

ბარსაში გადმოსვლა ახდენილი ოცნება იყო და ვერ წარმოვიდგენდი ასეთ შედეგებს თუ მივაღწევდი. ბლაუგრანაში გატარებული 6 წლის შემდეგ, გუნდს ამაყი და კმაყოფილი ვტოვებ. ბარსელონასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. სადებიუტო ჩემპიონობა ლა ლიგაში. ჩემპიონთა ლიგის მოგება. პირველი გოლი ბარსელონაში და ა.შ. ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება.

ყველას მშვენივრად მოეხსენება მსოფლიოს საუკეთესო კლუბში სათამაშოდ რა მსხვერპლი გავიღე. ვიცი, რომ ეპოქა დასრულდა, მაგრამ სამუდამოდ ვიამაყებ იმით, რასაც ბარსაში მივაღწიე. არის მომენტები, როცა კლუბს ცვლილებები სჭირდება და თან გუნდის მთავარ მწვრთნელს ჩემი იმედი არ ჰქონდა. ეს მოსალოდნელი იყო. გვერდზე გადგომა ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა კუმანს ვთხოვე, გამოსავლის პოვნამდე ჩემთვის ვარჯიშის უფლება მოეცა და მან თანხმობა განაცხადა.

ირონიულად ჟღერს, მაგრამ როცა ბარსამ ტრანსფერზე დამაყენა, უამრავი შეთავაზება მივიღე. ჩემი სურვილი კი იყო მეთამაშა იმ გუნდში, რომელიც ბარსელონასა და რეალს კონკურენციას გაუწევდა და ატლეტიკო სწორედ ამიტომ ავირჩიე. ახალ გამოწვევას მოუთმენლად ველოდები. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩებს განსაკუთრებული ხიბლი აქვს და იმედია, როხიბლანკოსთან ერთად წარმატებას მივაღწევ. მესის რაც შეეხება, ლეოს უცნაური შეგრძნება დაეუფლა, როცა გაიგო, რომ ბარსელონას უშუალო კონკურენტში გადავდიოდი, თუმცა ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება”.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „ბარსელონას“ ღირსებას 2014-დან 2020 წლამდე იცავდა. „ელ პისტოლერომ“ „ბლაუგრანას“ მაისურით 283 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 198 გოლი და 109 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები