Aa Aa
24 სექტემბერი 2020  |  11:34

''აქ გამარჯვება კიდევ ერთი სასწაული იქნება'' - გრანადა-ლოკოს მატჩისწინა კომენტარები

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლა ლიგის ''გრანადა'' საკუთარ კედლებში, ''ლოს კარმენესზე'' კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელს, თბილისის ''ლოკომოტივს'' დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილმა ''ლოს კარმენესზე'' პრესკონფერენცია გამართა. ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი შიშისა და დაძაბულობის გარეშე ითამაშებს.

ჭიაბრიშვილი: „ძალიან ძლიერ გუნდთან ვთამაშობთ და რეალურად, ხვალ გამოჩნდება, თუ რა დონეზე შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. ''გრანადა'' ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობს და კარგი შემსრულებლები ჰყავს. ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, ლა ლიგის წარმომადგენელთან შეხვედრა დიდი გამოწვევაა.

აქ გამარჯვება, ჩვენთვის კიდევ ერთი სასწაული იქნება. ''გრანადასთვის'' ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში უცნაური ამბავია; ჩვენთვის - არა. ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი, შიშისა და დაძაბულობის გარეშე ვითამაშებთ.

ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, ესპანელებისთვის ჩვენ უცნობი გუნდი ვართ, რომელსაც მიმდინარე სეზონში სამი მწვრთნელი ჰყავდა. ეს მათ ამოცანას უფრო ართულებს, რომ ''ლოკომოტივის'' კარგად გაცნობა მოახერხონ. ჩვენი ბოლოდროინდელი კალენდრიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ძალები სრულფასოვნად არ აღგვიდგენია. დღეს, 6 საათი ვიფრინეთ. თუმცა, ხვალინდელი მატჩი იმ კატეგორიიდანაა, ყველაფერი რომ უნდა დაივიწყო და ბოლომდე დაიხარჯო

ნიკა ჭანტურია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მან რომ ფეხბურთის თამაში იცის, ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ მოედანზე გადის ის, ვინც კონკრეტულ მომენტში საუკეთესოა. შეუცვლელი ფეხბურთელი და შეუცვლელი მწვრთნელი არ არსებობს.

ამ ეტაპზე ომარ იმრანი საუკეთესო კონდიციაში არაა. სანდრო კობახიძე უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ითამაშებს თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით, სამუშაო პროცესია''.

''გრანადას'' მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარტინესმა აღნიშნა, რომ ''ლოკომოტივმა'' ორი ძლიერი გუნდი დაამარცხა ''უნივერსიტატეასა'' და მოსკოვის ''დინამოს'' სახით, რაც იმის არგუმენტია, რომ მის გუნდს რთული მატჩის ჩატარება მოუწევს.

დიეგო მარტინესი: ''განსაკუთრებულია, როცა ''ლოს კარმენესზე'' ევროპა ლიგის მატჩს პირველად ვატარებთ. გამოწვევასთან ერთად ძალიან სასიამოვნო მომენტია.

ევროპა ლიგაზე თამაში თითოეული გუნდისთვის ძალიან რთულია, მით უმეტეს ჩვენთვის, რადგან ჩვენი სადებიუტო ევროსეზონია, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა და წარმატების იმედი მაქვს, რომ ''ლოკომოტივთან'' ისევე კარგად ითამაშებენ, როგორც გასულ შეხვედრებში.

''ლოკომოტივი'' კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც კონტრშეტევებზე თამაში კარგად გამოსდის. მეტოქეს რამდენიმე ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ტექნიკური შესაძლებლობებით გამოირჩევიან.

ახლა მხოლოდ ''ლოკომოტივთან'' მატჩზე ვფიქრობთ. გვსურს ენთუზიაზმისა და თავმდაბლობის სინთეზით სიამოვნება მოვიღოთ''.

''გრანადას'' ფეხბურთელმა ანხელ მონტორომ მცირე კომენტარი გააკეთა: ''როცა ამ გუნდში გადმოვედი, ლა ლიგა 2-ში ვთამაშობდით და ვერ წარმოვიდგენდი თუ ევროპა ლიგაზე თამაში მომიწევდა. განსაკუთრებული თამაში იქნება. ''ლოს კარმენესზე'' ისტორიულ მატჩს დიდი მოტივაციით ვხვდებით.

''ლოკომოტივი'' საშიში გუნდია, რომელიც კარგ კომბინირებულ ფეხბურთს თამაშობს და ამასთან ერთად ფლანგზე სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს''.

შეგახსენებთ, ''გრანადასა'' და ''ლოკომოტივის'' დაპირისპირება დღეს 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 

მასალაში გამოყენებულია თბილისის ''ლოკომოტივის'' პრესსამსახურის ფოტოები

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში