Aa
Aa

ლეიკერსს საოცარ ქამბექამდე ცოტა დააკლდა - დენვერმა სერიაში ანგარიში 2-1 გახადა

„დენვერ ნაგეთსმა“ დასავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მესამე შეხვედრა 114-106 მოიგო და „ლეიკერსთან“ ჩამორჩენა 1 მოგებამდე შეამცირა. კოლორადოელები მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში ლიდერობდნენ და მეოთხე მეოთხედის საწყის წუთებში 20-ქულიან უპირატესობასაც ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვება კინაღამ ხელიდან გაუშვეს.

გადამწყვეტი თორმეტწუთეულის პირველი ნახევარი „ლეიკერსმა“ ფენომენალურად ჩაატარა. „დენვერმა“ კი ბურთი ზედიზედ 6-ჯერ დაკარგა და ლოს-ანჯელესელებს 20-ქულიანი სხვაობის 3 ქულამდე დაყვანის საშუალება მისცა. სამაგიეროდ, „ნაგეთსმა“ ბოლო 5 წუთში იყოჩაღა, ამ დროში მეტოქეს 13-8 აჯობა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

„დენვერის“ წარმატებაში ჯერემი გრენტმა ლომის წვლილი შეიტანა. ეს უკანასკნელი მთელი შეხვედრის განმავლობაში ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისს მეურვეობდა და შეტევაშიც ჩინებულად გამოიყურებოდა. გრენტმა პლეიოფში თავისთვის სარეკორდო 26 ქულა ჩააგდო და 3 მოხსნა და 2 ჩაჭრაც გააკეთა.

„დენვერის“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა ჯამალ მიურეიმ მიითვალა და 28 ქულა, 8 მოხსნა და 12 ასისტი დააგროვა. კანადელი NBA-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც კონფერენციის ფინალში მინიმუმ 25 ქულა, 10 ასისტი და 5 მოხსნა გაიფორმა. ნიკოლა იოკიჩს რაც შეეხება, „ჯოკერმა“ აქტივში 22 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

„ლეიკერსს“ 30 ქულით, 10 მოხსნითა და 11 ასისტით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. „მეფე“ ლოს-ანჯელესელთა ისტორიაში პირველია, ვინც 30-ქულიანი სამმაგი დუბლი პლეიოფში მინიმუმ 2-ჯერ გააკეთა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრონმა პლეიოფში 252-ე შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ტიმ დანკანს გადაასწრო. „ლეიკერსის“ მეორე სუპერვარსკვლავი, ენტონი დევისი 27 ქულას დასჯერდა. რაჟონ რონდომ კი 8 ასისტი შეასრულა და პლეიოფებში გაკეთებული შედეგიანი გადაცემების რაოდენობით „შავი მამბა“ ჩამოიტოვა.

ცნობისთვის, „დენვერს“ სერიაში ანგარიშის გათანაბრების საშუალება 25 სექტემბერს მიეცემა. მატჩი თბილისის დროით 05:00-ზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები