Aa
Aa

ბატლერის ურთულესი ენდ უანი და ადებაიოს ბრწყინვალე დაფარება - მაიამიმ ბოსტონი ოვერტაიმში დაამარცხა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „მიამი ჰიტმა“ „ბოსტონ სელტიქსი“ 117-114 დაამარცხა. ფლორიდელებმა გამარჯვებას ოვერტაიმში მიაღწიეს და სერიაში დაწინაურდნენ.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, „ბოსტონმა“ მესამე მეოთხედი 12 ქულით მოიგო და გადამწყვეტ თორმეტწუთეულში საკუთარი უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა, თუმცა „მაიამიმ“ მატჩში გარდატეხა მაინც შეიტანა.

საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 9 წამით ადრე დაფიქსირებული 5 ქულიანი სხვაობა „ჰიტმა“ ტაილერ ჰიროსა და ჯიმი ბატლერის 3-ქულიანებით აღმოფხვრა, თუმცა „ბოსტონმა“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმი დაინიშნა.

დამატებით ხუთწუთეულში „სელტიქსი“ 4-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა. გადამწყვეტ მომენტში „მაიამის“ ჯიმი ბატლერმა და ბემ ადებაიომ ულიდერეს. ბატლერმა 12 წამით ადრე, ურთულესი ენდ უანი გაიფორმა და საკუთარი გუნდი 2 ქულით დააწინაურა. ადებაიომ კი „ბოსტონის“ მომდევნო შეტევაში ჯეისონ ტეიტუმს არ ჩაატენინა, დაფარება მიითვალა და „მაიამის“ გამარჯვება გაუნაღდა.

„ჰიტის“ რიგებში საუკეთესო გორან დრაგიჩი იყო, რომელმაც 29 ქულა დააგროვა. ჯეი კრაუდერი 22 ქულით გამოირჩა. ჯიმი ბატლერი 20 ქულას, 5 მოხსნასა და ამდენივე ასისტს დასჯერდა. ბემ ადებაიომ აქტივში 18 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ტაილერ ჰიროს კი სამმაგ დუბლამდე ერთი ასისტი დააკლდა - 12 ქულა, 11 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა.

„ბოსტონს“ 30 ქულით, 14 მოხსნითა და 5 ასისტით ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა. ეს უკანასკნელი NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელმაც კონფერენციის ფინალში მინიმუმ 30 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ტეიტუმის გარდა 26 ქულით მარკუს სმარტი გამოირჩა. კემბა უოკერმა და ჯეილენ ბრაუნმა კი 19 და 17 ქულა მიითვალეს.

შეგახსენებთ, რომ „ბოსტონისა“ და „მაიამის“ სერიის მეორე შეხვედრა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული და მატჩი თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები