ბარსელონა სევილიას მცველს აკვირდება
Aa
Aa

ბარსელონა სევილიას მცველს აკვირდება

„ბარსელონა“ დაცვის ცენტრის გაძლიერებაზე მუშაობს და ერიკ გარსიას შემდეგ, კატალონიელთა ინტერესის სფეროში „სევილიას“ ფრანგი უკანახაზელი იულეს კუნდე მოექცა.

21 წლის ფეხბურთელი ანდალუსიელთა რიგებში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ბორდოდან“ „სევილიაში“ გადასვლის შემდეგ, კუნდემ ყურადღება მალევე მიიპყრო. ნიჭიერმა მცველმა ხულენ ლოპეტეგის გუნდში 40 მატჩის ჩატარება შეძლო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ „ბარსელონა“ კუნდეს აკვირდება და შესაძლოა უახლოეს დღეებში შეთავაზებაც გაამზადოს. როგორც ცნობილია, „ბარსას“ მთავარი სამიზნე „მანჩესტერ სიტის“ 19 წლის ესპანელი მცველი ერიკ გარსია გახლავთ, თუმცა მხარეები თანხაზე ვერ თანხმდებიან.

კუნდეს მიმართ „ბარსელონას“ ინტერესის გაზრდა, სწორედ გარსიას ტრანსფერზეა დამოკიდებული.

„ბლაუგრანას“ და „სევილიას“ საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, რასაც მათ შორის არსებული სატრანსფერო ისტორიაც ადასტურებს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში „ბარსამ“ „დალაქებიდან“ 2014 წელს შეძენილი ივან რაკიტიჩი უკან „სანჩეს პისხუანზე“ დააბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები