მკაცრი დისციპლინა - კუმანმა გუნდში გვარდიოლას დროინდელი წესი აღადგინა
ესპანური Sport-ის ცნობით, რონალდ კუმანმა პირველივე ვარჯიშიდან გუნდს აცნობა, რომ მან პეპ გვარდიოლას დროს არსებული წესი აღადგინა.
საქმე ეხება დილით, საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშამდე 1 საათით ადრე გამოცხადებას. 2008-2012 წლებში გვარდიოლა სწორედ ამ მიდგომას იყენებდა. პეპის წასვლის შემდეგ კი ეს წესი დავიწყებას მიეცა.
კუმანმა სულ 2 ვარჯიში ჩაატარა, თუმცა დისციპლინას უკვე სერიოზულად მიუდგა. ესპანური პრესა წერს, რომ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ყველა ფეხბურთელს ულტიმატუმი წაუყენა - ამიერიდან ხელშეუხებელი არავინ იქნება, თვით მესიც კი, რომლის მომავალი კვლავ გაურკვეველია.
კუმანი გუნდის სათამაშო ტემპის მომატებას და პრესინგის გამწვავებას გეგმავს, რისთვისაც შემადგენლობაში ცვლილებებს ითხოვს. როგორც ესპანური გამოცემები წერენ, მისი პირველი შენაძენი ჟორჟინიო ვაინალდუმი იქნება. „ბარსას“ ის 15 (+5 მილიონი ბონუსების სახით) მილიონი ევრო დაუჯდება.
კატალონიელთათვის ვაინალდუმის შემდეგ, პრიორიტეტული ახალი ფორვარდის გაფორმება იქნება, რადგან ლუის სუარესის გუნდიდან წასვლა 99%-ით გადაწყვეტილია.
P.S. საინტერესოა, თუ როგორ გაუძლებს კუმანის მკაცრ დისციპლინას, საოცრად არადისციპლინირებული უსმან დემბელე...