Aa Aa
15 აგვისტო 2020  |  13:02

ვინ შეცვლის სეტიენს? - უპირველესი კანდიდატი პოჩეტინოა

კატალონიის ''ბარსელონას'' მთავარი მწვრთნელის პოსტს კიკე სეტიენი დატოვებს. კატალონიური რადიოს, RAC1-ის ცნობით სეტიენის შეცვლის უპირველესი კანდიდატი არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოა. წყაროს ცნობით მიმდინარე კვირაში, მიუნხენის ''ბაიერნთან'' უმძიმეს მატჩამდე კატალონიური გრანდის პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ პოჩეტინოს შეხვდა, თუმცა მათი საუბრის დეტალები უცნობია.

გასული წლის ნოემბერში ''ტოტენჰემიდან'' წასვლის შემდეგ პოჩეტინო აცხადებდა, რომ ლონდონის ''არსენალსა'' და კატალონიის ''ბარსელონაში'' არასდროს იმუშავებდა, რადგან ფეხბურთელობისას ''ესპანიოლის'' ღირსებას იცავდა, გასული წლები კი ''ტოტენჰემში'' გაატარა. მოგეხსენებათ, ''არსენალი'' და ''ტოტენჰემი'' ჩრდილოლონდონური კლუბებია, ''ბარსელონა'' და ''ესპანიოლი'' კი - კატალონიური. ამ ფაქტორის მიუხედავად წყაროს ცნობით სამხრეთამერიკელის ''ბარსას'' მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რეალურია.

სეტიენის შემცვლელთა შორის პოჩეტინოს გარდა რონალდ კუმანისა და ხავის კანდიდატურები დასახელდა. მიმდინარე ზაფხულში გაიჟღერა ბელგიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის კანდიდატურამაც, თუმცა ამ მოცემულობაში მისი ''ნოუ კამპზე'' გადაბარგების შანსი მცირეა.

შეგახსენებთ, 2019-20 წლების სეზონი კატალონიურმა გრანდმა უტიტულოდ დაასრულა. ლა ლიგის ჩემპიონი მადრიდის ''რეალი'' გახდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ''ბაიერნმა'' მესის გუნდი 8:2 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ბართომეუმ და პიკემ აღნიშნეს, რომ კლუბში დიდი ცვლილებების დრო დადგა, რაც როგორც მინიმუმ სეტიენის წასვლას უნდა გულისხმობდეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები