Aa Aa
14 აგვისტო 2020  |  20:15

ფუტსალის ლიგა - თსუ ფინალურ სერიაში დაწინაურდა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის 2019/20 წ.წ. სეზონის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა. თელასისა და თსუ-ს დაძაბული დაპირისპირება „სტუდენტების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ენერგეტიკოსები“ გიორგი ტიკურიშვილმა მეთერთმეტე წუთზე ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. ნახევარ წუთში კი ლევან კობაიძემ პენალტი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა. თამაში დამატებით დროში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა თელასის კარში მორიგი საჯარიმო დარტყმა მურთაზ კაკაბაძემ გამოიყენა და თსუ სერიაში დააწინაურა.

პირველი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ თსუ-ს მეკარე თორნიკე ბუკია დასახელდა.

დავით ბობოხიძე, თსუ-მთავარი მწვრთნელი:“გამომდინარე იქიდან, რომ თელასი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდია, დაძაბულ თამაშს ველოდით. გუნდმა დაკისრებულ დავალებებს თავი კარგად გაართვა, დაცვაში მაქსიმალურად უშეცდომოდ ვითამაშეთ. მეორე ტაიმში უფრო დავლაგდით, დიდი ენერგია წაიღო თამაშმა და ახლა მნიშვნელოვანია კარგი დასვენება. სერიაში დაწინაურება სასიამოვნოა, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დაკარგა თელასმა, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი მოთამაშე ვერ გადაწყვეტს ფინალის ბედს.“

ავთანდილ ასათიანი, თელასის მთავარი მწვრთნელი:“ხშირად მითქვამს, ისეთმა მოთამაშეებმა დატოვეს თელასი, სეზონის ბოლოს ძალიან გაგვიჭირდებოდა. კარგია, რომ ფინალამდე მოვედით. თსუ-ს სახით საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს. ფინალს თავისი ემოციები ახლავს და დაძაბულობაც მატულობს. დამარცხებაზე უფრო იმაზე ვდარდობთ, რომ ასეთი მოთამაშე გამოგვაკლდა ჯვარაშვილის სახით, მისი წითელი ბარათი დიდი დანაკლისი იქნება. შეცდომებს გავააზნალიზებთ და ვეცდებით ფინალურ დაპირისპირებაში მესამე მატჩი გახდეს საჭირო. თამაში თანაბარი იყო და ორივე გუნდი იმ დეტალს ვეძებდით, რომელიც გადაწყვეტდა მატჩის ბედს.“

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები