ქინქლაძის გარღვევები და ლამაზი ეპიზოდები: დინამოს გამარჯვება უეფას თასზე
Aa
Aa

ქინქლაძის გარღვევები და ლამაზი ეპიზოდები: დინამოს გამარჯვება უეფას თასზე

1994--95 წლების უეფას თასის სეზონი თბილისის ''დინამომ'' ''კრაიოვა უნივერსიტატეას'' ძლევით დაიწყო. გივი ნოდიას გუნდმა პირველი მატჩი შინ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართა. საქართველოს ჩემპიონმა გიორგი ქინქლაძისა და შოთა არველაძის გოლებით 2:0 გაიმარჯვა.

გოლების გარდა ვიდეომიმოხილვაში არაერთი შთამბეჭდავი ეპიზოდია, გამარჯვებასთან ერთად თბილისურმა გუნდმა ძალიან ლამაზი და სანახაობრივი თამაშით ქომაგს დიდი სიამოვნება მიანიჭა.

გივი ნოდიამ რუმინული გუნდის წინააღმდეგ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ირაკლი ზოიძე, მურთაზ შელია, გიორგი ნემსაძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გელა ინალიშვილი, რევაზ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი (კაპ) (ზაზა რევიშვილი 64), შოთა არველაძე, არჩილ არველაძე (ლევან ცქიტიშვილი 79)

რუმინული კლუბი საკუთარ კედლებში ''დინამოსთან'' 1:2 დამარცხდა. გოლები კაპიტანმა ყაველაშვილმა და ქინქლაძემ შეაგდეს. შემდეგ ეტაპზე ''დინამო'' ავსტრიულ ინსბრუკის ''ტიროლს'' დაუპირისპირდა. საკუთარ კედლებში ქართველმა ფეხბურთელებმა 1:0 გაიმარჯვეს. გოლი რევაზ არველაძის ანგარიშზეა. ავსტრიაში ''ტიროლმა'' 5:1 გაიმარჯვა და ქართული გუნდი ევროტურნირს დაემშვიდობა.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა თაობამ ევროპულ ტურნირზე წარმატებით ვერ იასპარეზა. გასულ წელს რევაზ არველაძემ CrystalSport-თან ინტერვიუში ამ თემაზე ისაუბრა: ''მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ''დინამოში'' ძალიან კარგი გუნდი გვყავდა და ძალიან ბევრმა მაგარმა ფეხბურთელმა მოიყარა თავი, ლამაზ და ძალიან შემოქმედებით ფეხბურთს ვთამაშობდით. ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვერ მოვხვდით, თუმცა ეს მხოლოდ საფეხბურთო მიზეზებით ვერ აიხსნება, მთლიანობაში რთული იყო, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, გვაკლდა გამოცდილება, როგორც მზადების თვალსაზრისით, ასევე მინდორზე. ერთ კონკრეტულ თამაშს კი არ ვგულისხმობ, მგონია, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე კარგმა გუნდმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ''კიოლნიდან'' სწორედ ამიტომ წამოვედი, ''დინამოსთან'' ერთად ევროპული წარმატების მიღწევა მსურდა, რაც შესაძლოა სუფთა საფეხბურთო კუთხით სწორი გადაწყვეტილება არ იყო.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები