FIBA U17 Skills Challenge – 13-14 აგვისტოს დისტანციური შეჯიბრი გაიმართება
Aa
Aa

FIBA U17 Skills Challenge – 13-14 აგვისტოს დისტანციური შეჯიბრი გაიმართება

საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრები ფიბა-ს საკალათბურთო უნარ-ჩვევების მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატში იასპარეზებენ. ეს გახლავთ დისტანციური შეჯიბრი, რომელიც ვიდეოგადაღების მეშვეობით ჩატარდება და გამარჯვებული საკალათბურთო დავალებების უკეთ შესრულების შედეგად გამოვლინდება. 

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა საკონტინენტო ჩემპიონატთან ერთად 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩაიშალა, ფიბა-მ აღნიშნულ ასაკში უნარ-ჩვევებში შეჯიბრების ჩატარება დისტანციურად გადაწყვიტა. ფიბა-მ ტურნირის მონაწილეებს უკვე დაუგზავნა იმ საკალათბურთო კომპონენტებისა და სავარჯიშოების სია, რომლის შესრულებაც ჩემპიონატის თითოეულ მონაწილეს კონკრეტული დაპირისპირებისთვის (მატჩებისთვის) მოუწევს.

ონლაინ-მატჩების პროცედურა შემდეგნაირია: ორივე მეტოქე, დათქმულ დროს, საკუთარ ქვეყანაში, საკალათბურთო მოედანზე დაიწყებს ფიბა-ს მიერ გაგზავნილი დავალებების შესრულებას და აღნიშნული პროცესის უწყვეტი გადაღება განხორციელდება. ვიდეომასალა მომდევნო 1 საათის მანძილზე ფიბა-ს გადაეგზავნება, რომელიც დავალებების შესრულების ხარისხიდან გამომდინარე კონკრეტულ მატჩში გამარჯვებულს გამოავლენს.

საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება. ევროპის ვაჟთა შესარჩევ ტურნირში მთლიანობაში 10 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად ჯგუფში არიან: ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი და გიბრალტარი, ხოლო მეორე ჯგუფში თავი პოლონეთმა, ისრაელმა, ბელარუსმა, სლოვაკეთმა და ირლანდიამ მოიყარეს. ევროპის შესარჩევი ტურნირის 10 გუნდი 2 საუკეთესოს გამოავლენს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ჯგუფების 2-2 საუკეთესო ნახევარფინალში გავა და გამარჯვებულები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურებს მიიღებენ. ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ ქვემოთ წარმოდგენილ ნაკრებებს, რომლებსაც 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზათ: არგენტინა, ავსტრალია, ბულგარეთი, კანადა, ჩინეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, კორეა, მალი, რუსეთი, ესპანეთი, თურქეთი და აშშ.

17-წლამდე გოგონათა უნარ-ჩვევების მსოფლიოს ჩემპიონატის ევროსაკვალიფიკაციო ტურნირშიც 10 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. “ა” ჯგუფი: ბელარუსი, პოლონეთი, ისრაელი, ირლანდია, გიბრალტარი. “ბ” ჯგუფი: საქართველო, ლატვია, სლოვაკეთი, პორტუგალია, ლუქსემბურგი. გათამაშების სისტემა ვაჟების ანალოგიური იქნება და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს 2 ფინალისტი მოიპოვებს. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვთ ქვემოთ წარმოდგენილ ნაკრებებს, რომლებსაც 17-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე უნდა ეასპარეზათ: ავსტრალია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კორეა, ლიტვა, მალი, პუერტო რიკო, რუმინეთი, რუსეთი და აშშ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები