„ფენომენო, ხვალ თამაში გვაქვს, ზედმეტი არ მოგივიდეს
Aa
Aa

„ფენომენო, ხვალ თამაში გვაქვს, ზედმეტი არ მოგივიდეს" - გალიანის უცნობი ისტორია რონალდოზე

იტალიური „მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ადრიანო გალიანიმ Corriere dello Sport-თან საუბრისას რონალდინიოსა და რონალდოს შესახებ ისაუბრა. 

კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელი ვერ წარმოუდგენია მწვრთნელად, გალიანიმ მარტივად რონალდინიო გაიხსენა: „ასეთი რონალდინიოა. მან არც კი იცოდა ვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და ეს არც არასდროს აინტერესებდა. თამაშის მეორე დღეს კი უკვე აღარაფერი ახსოვდა. ისე ჩანს, რომ მწვრთნელის პოზიცია მისთვის სრულიად შეუფერებელი იქნება“.

გალიანიმ კომენტარი რონალდო ლუის ნაზარიოს შესახებაც გააკეთა და ერთი საინტერესო ამბავიც გაიხსენა: „რონალდინიოს მსგავსად, მეტოქეებს წინასწარ არც რონალდო სწავლობდა. ერთი ამბავი მახსენდება: მას „მილანის“ მაისურით მეორე შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მეტოქე „სიენა“ იყო. ორი პორცია პასტა მიირთვა და პურის დიდი ნაჭრით თეფში სოუსისგან სრულად მოასუფთავა. მე და ანჩელოტიმ ვუთხარით: „ფენომენო, როგორც იცი, ხვალ ჩვენ თამაში გვაქვს, ზედმეტი არ მოგივიდეს“, - მან გვიპასუხა: „ფეხბურთელს, რომელიც მე ამიყვანს, ეცოდინება, რომ რონალდოსთან აქვს საქმე, ასე რომ, ეს პრობლემა არაა“, - მეორე დღეს გამოვიდა და ორი გოლი გაიტანა. ნამდვილად ფენომენალური ფეხბურთელი იყო“.

2007 წლის 17 თებერვალს, რონალდომ "სიენასთან" ხსნებულ მატჩში 90 წუთი ითამაშა და დუბლს, რიკარდო ოლივეირასთვის გაკეთებული, საგოლე პასიც დაუმატა. "შავ-წითლებმა" 4:3 მოიგეს. "ფენომენის" გოლები, ასისტი და რამდენიმე მომენტი შეგიძლიათ, ვიდეოში იხილოთ.

რონალდო "მილანში" 2007 წლის ზამთარში "რეალიდან" გადავიდა. მან "როსონერიში" წელიწად-ნახევარი ითამაშა და კლუბის მაისურით ჯამურად ჩატარებულ 19 მატჩში 9 გოლი შეაგდო. "სიენას" გარდა, "ფენომენომ" დუბლი "კალიარისთან" და "ნაპოლისთან" შეასრულა, თითო ბურთი კი "მესინას", "ემპოლისა" და "ინტერის" კარში შეაგდო.

ადრიანო გალიანი მისი მშობლიური ქალაქის კლუბ „მონცას“, რომელიც სილვიო ბერლუსკონის გუნდია, სათავეში 2018 წელს ჩაუდგა. გუნდმა გასულ სეზონში სერია C-დან იტალიის რანგით მეორე ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. გამოცდილი ფუნქციონერი 1986-2017 წლებში „მილანის“ აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები